მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში პროექტი – “ჩვენ ვმართავთ სკოლას” განხორციელდა.

ჩვენმა მოსწავლეებმა ერთი დღით უჩვეულო ამპლუა მოირგეს და სკოლის დირექციისა თუ ადმინისტრაციის წევრები გახდნენ. ბავშვებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს სკოლის მართვა, ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვაზე ზრუნვა. მათ რეალურად დაინახეს ის უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა, რომელსაც სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია ყოველდღიურად ეწევა თითოეული მოსწავლის კეთილდღეობისა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

გაიცანით ჩვენი მოსწავლეები, რომლებმაც კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია იკისრეს და ღიმილისა და განწყობის სამსახურის მცველები გახდნენ. წლევანდელი აქტივობები განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მცველები სპეციალური განწყობის სკანერით იყვნენ აღჭურვილნი. დილიდანვე ისინი ყურადღებით ამოწმებდნენ მასწავლებლების ემოციურ ფონს და თუ სკანერი დააფიქსირებდა, რომ ვინმეს ღიმილი აკლდა ან დაღლილი ჩანდა, საქმეში დაუყოვნებლივ ერთვებოდა ღიმილის ვაუჩერი. ამ სიმბოლური, პოზიტივით სავსე ვაუჩერების დარიგებით ბავშვებმა შეეცადნენ სასკოლო სივრცეში დადებითი მუხტის შემოტანას, რადგან ღიმილი გადამდებია, სკოლა კი ის ადგილია, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა უმთავრესი ღირებულებაა.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა ადმინისტრაციის წევრების რეალური ფუნქციები პირნათლად შეასრულეს, მათ სასკოლო ცხოვრების ნაცნობი და ყოველდღიური სიტუაციები იუმორით, სრულიად თავდაყირულად დაგვანახეს.

გთავაზობთ თავდაყირა დღის სახალისო ეპიზოდებს: დაგვიანებული მასწავლებლები, მასწავლებელი ექიმთან, ყოვლისშემძლე გოგა თავისი IT ტვირთით და მომენტი, როცა მასწავლებელმა მოსწავლე გააღვიძა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიკა თეგეტაშვილი, ხოლო პროექტის თანამონაწილე — ისტორიის მასწავლებელი თამარ ბეჟუაშვილი.

დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ასეთი უზარმაზარი პოზიტივისთვის, სამსახიობო ოსტატობისა და ჯანსაღი იუმორისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ვიდეოგრაფს, XII¹ კლასის მოსწავლეს, თომა ჭეიშვილს!


თაობათა უწყვეტი კავშირი – სპეციალური რეპორტაჟი ღვაწლმოსილ პედაგოგებთან

სსიპ ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მომზადდა სპეციალური რეპორტაჟი, რომლის მიზანიც იმ ადამიანების დაფასება და გახსენება იყო, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ჩვენი სკოლის აკადემიური და შემოქმედებითი ისტორია.

თაობათა დიალოგის ფორმატში 30-ე სკოლის წარმომადგენლები (მოსწავლე – ნია ადეიშვილი, მასწავლებლები – ლიკა თეგეტაშვილი და თამარ ბეჟუაშვილი) ესტუმრნენ სკოლის ამაგდარ პედაგოგებს — ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ დარეჯან ნაჭყებიას და მუსიკის მასწავლებელს, ქალბატონ მანანა ლომთაძეს.

ქალბატონმა დარეჯანმა, რომლის პედაგოგიური მოღვაწეობაც ათეულობით წელს ითვლის, მოსწავლეებს თავისი პროფესიული გზის დასაწყისი გაუზიარა და მიულოცა პედაგოგებს მასწავლებელთა ეროვნული დღე.

ქალბატონმა მანანამ, რომლის სახელსაც უკავშირდება არაერთი თაობის მუსიკალური აღზრდა და გემოვნების ჩამოყალიბება, ისაუბრა პროფესიულ არჩევანსა და იმ უდიდეს სითბოზე, რომელსაც სასკოლო გარემო ქმნის.

არსებული რეპორტაჟი ჩვენი სკოლის მადლიერების გამოხატულებაა აღნიშნული ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელიც მათ 30-ე სკოლის საძირკველში ჩადეს.

თქვენი დატოვებული კვალი ჩვენი სკოლის ისტორიის ყველაზე ნათელი ფურცლებია! იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ვიდეოგრაფს, XII¹ კლასის მოსწავლეს, თომა ჭეიშვილს!