ჩვენი სკოლის სცენა ნამდვილი ჯადოქრობის ტყვედ იქცა! IV-3 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება და მეხუთე კლასში გადასვლა საოცარი, ემოციებით სავსე სპექტაკლით აღნიშნეს.

მათ დაგვანახეს, რომ დიდობა სულაც არ ნიშნავს სასწაულების დასრულებას და ზღაპარი ჩვენთან ერთად გრძელდება, თუკი ირწმუნებ.

ამ გამოსაშვებ საღამოს უმნიშვნელოვანესი მიზანი და ღირებულება ჰქონდა. პატარებმა საყვარელი წიგნის გმირებთან ერთად იმოგზაურეს და მოიპოვეს სიცილის, სიმშვიდის, სიმამაცისა და ოცნების გასაღებები, რათა მომავალ წელს სკოლის დიდ დერეფნებში თამამად შეაბიჯონ.

სპექტაკლმა შეგვახსენა მთავარი რამ – ყველაზე მძიმე და რთულ კარს ყოველთვის ერთად დგომა და მეგობრობა აღებს.

ამ დაუვიწყარი თავგადასავლის სულისჩამდგმელი, სცენარის ავტორი და კლასის საყვარელი დამრიგებელი ქეთევან ცირეკიძე გახლავთ, რომელმაც შეძლო, რომ თითოეული ბავშვისთვის ზღაპრის მთავარი გმირის როლი მოერგო და მათთვის ბავშვობის ჯადოსნობა შეენარჩუნებინა.

გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბუნებისმეტყველების მასწავლებელს და ჩვენი ოჯახის უმნიშვნელოვანეს წევრს, მარიამ ჩოგოვაძეს, თანადგომის, ერთგულებისა და დაუღალავი შრომისათვის.

ასევე, გვინდა მადლიერება გამოვთქვათ მშობლებისადმი, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა არათუ სპექტაკლის ჯადოქრობად გადაქცევისათვის, არამედ ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოჩენილი გულისხმიერებისა და პასუხისმგებლობისათვის, რის გარეშეც რთული იქნებოდა სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას! დაე, მათი სასკოლო ჩანთები ყოველთვის სავსე იყოს ფერადი ოცნებებით, სიხარულითა და ჯადოსნური აღმოჩენებით მეხუთე კლასის ახალ სამყაროში.