ფრანკოფონია 2026 — კვირეული ქუთაისის №30 სკოლაში
ფრანკოფონია 2026 — კვირეული ქუთაისის №30 სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა!
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე — 20 მარტი — ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია ფრანგული ენის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, კულტურისა და კომუნიკაციის საშუალების პოპულარიზაცია, ფრანკოფონულ ღირებულებებზე (მრავალფეროვნება, სოლიდარობა, დემოკრატია) ყურადღების გამახვილება და მსოფლიოს ფრანგულენოვან ხალხებს შორის თანამშრომლობისა და კულტურული დიალოგის გაძლიერება.
სსიპ ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლაში ფრანკოფონიის კვირეული, რომელსაც ჩვენი სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლები- ქეთევან ხვედელიძე და ნესტან ხვედელიძე ხელმძღვანელობენ, ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. ყველა ღონისძიება მიეძღვნა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოების — „პატარა უფლისწულის“ — გამოცემის 80 წლის იუბილეს.
1 აპრილს მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასების ფრანკოფონი მოსწავლეებისთვის ჩატარდა ანიმაციური ფილმის „Le Petit Prince“-ის ჩვენება ფრანგულ ენაზე. ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა გაიხსენეს საყვარელი ეპიზოდები და გამართეს დისკუსია.
კვირეულის ფარგლებში სკოლის ფოიეში მოეწყო სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ თემატიკაზე შექმნილი მე-5-დან მე-10 კლასების ფრანკოფონი მოსწავლეების ნამუშევრების შთამბეჭდავი გამოფენა.
2 აპრილს გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეებმა „პატარა უფლისწულის“ საყვარელი ციტატები წარმოადგინეს როგორც ქართულ, ისე ფრანგულ ენებზე. გამოვლინდა რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი.
წელს, პირველად, კვირეულის პროგრამა სპორტული აქტივობითაც გამდიდრდა — გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი სკოლის ფრანკოფონ გუნდ „პრინცებსა“ და არაფრანკოფონ გუნდ „ბრიგადას“ შორის. მატჩი „პრინცების“ გამარჯვებით დასრულდა.
პარასკევს, 3 აპრილს, გაიმართა ლიტერატურული სახელოსნოს — „ჩვენ ვკითხულობთ ‘პატარა უფლისწულს’“. ღონისძიება ერთობლივად ჩატარდა უცხოური ენების კათედრის ფრანგული ენის სექციის (მასწავლებლები: ქეთევან ხვედელიძე, ნესტან ხვედელიძე) და ქართული ენის კათედრის მასწავლებლების (ლიკა თეგეტაშვილი, თამარ ასათიანი) თანამშრომლობით.
ფრანგული ენის მასწავლებელმა ქეთევან ხვედელიძემ, მოსწავლეებს შესთავაზა სახალისო ვიქტორინა, რომელსაც მათ წარმატებით გაართვეს თავი.
ქართული ენის მასწავლებელმა თამარ ასათიანმა VI-3 კლასის ფრანკოფონი მოსწავლეების მონაწილეობით წარმოადგინა პრეზენტაცია — „პატარა უფლისწული“ — ნაწარმოების ძირითადი იდეები და ყველაზე გავრცელებული ციტატები.
ქართული ენის მასწავლებელმა ლიკა თეგეტაშვილმა X-3 კლასის ფრანკოფონი მოსწავლეების მონაწილეობით წარმართა საინტერესო დისკუსია. დისკუსიის დაწყებამდე მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე წარმოადგინეს ნაწარმოებიდან მეფარნის ეპიზოდის ინსცენირება, რის შემდეგაც გაიმართა აქტიური განხილვა.
N30-ე საჯარო სკოლა „სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2026-ის“ ყურადღების ცენტრში!
21-ე საუკუნეში სამეწარმეო უნარების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საამაყოა, რომ ეს მიმართულება ჩვენი სკოლის ერთ-ერთ მთავარ ძლიერ მხარედ იქცა.
ჩვენი აქტიური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და სამეწარმეო საფუძვლების მასწავლებელი- ფარსმან ფორჩხიძე და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი- ელენე კუბლაშვილი, მუდმივად გამოირჩევა კრეატიულობითა და ინოვაციური ხედვით, რაც რეგულარულ გამოფენა-გაყიდვებსა თუ ვორკშოფებში დაუღალავი ჩართულობით დასტურდება.
2026 წლის 4 აპრილს სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლში” “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” ორგანიზებითა და “მეწარმეობის საფუძვლების” პროგრამის ფარგლებში, “სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2026” გაიმართა.
სასიხარულოა, რომ საქართველოს 30 საუკეთესო მინი კომპანიას შორის ჩვენი სკოლის ორი გამორჩეული გუნდი – “Mirra/მირა” (ხელმძღვანელი- ელენე კუბლაშვილი)და “Carpe-Diem/კარპედიემი” (ხელმძღვანელი- ფარსმან ფორჩხიძე) წარდგა.
განსაკუთრებული სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ “Carpe-Diem” (ქეთევან ბენიძე, ნია ადეიშვილი, ციცი მანაგაძე, ირინე გრძელიძე, თეკლა სარალიძე), უდიდესი აღიარება მოიპოვა და საპატიო ნომინაციაში “ხალხის რჩეული” (Public Choice) გაიმარჯვა.
გამარჯვებული გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტი მოსწავლეების უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებასა და ინტელექტუალურ შრომას უსვამს ხაზს. “Carpe-Diem”-ის სამაგიდო თამაში საქართველოს გეოგრაფიულ კონტურზეა დაფუძნებული და აერთიანებს ქართული რეგიონული ბრენდების პოპულარიზაციას, ფინანსური სტრატეგიისა და მეწარმეობრივი აზროვნების განვითარებას. თამაშის პროცესში მონაწილეები ყიდულობენ ბრენდებს, მართავენ კაპიტალს, ერთვებიან თანამფლობელობაში და იღებენ ბონუსებს. რეალური ბიზნეს გარემოს სიმულაციის გზით, ისინი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობენ.
პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გაძლიერება და ადგილობრივი, მრავალფეროვანი ბრენდების ინტერაქტიული და სახალისო ფორმატით პოპულარიზაციაა. პროდუქტი გათვლილია 12+ ასაკობრივ კატეგორიაზე და წარმოადგენს იდეალურ რესურსს როგორც მეგობრებთან ერთად გასართობად, ისე საგანმანათლებლო სივრცეებში გამოსაყენებლად.
უღრმესი მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს ამ უდიდესი შრომისთვის. სწორედ მასწავლებლების სწორი მიმართულების მიცემისა და მოსწავლეთა დაუღალავი ძალისხმევის სინთეზის შედეგია ის ნოვატორული პროექტები, რომლებიც სკოლის კედლებს მიღმაც ასეთ დიდ მოწონებას იმსახურებს. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის!
მომდევნო კვირაში ჩვენს მოსწავლეებსა და მათ ინოვაციურ პროდუქტს კიდევ უფრო ფართო საზოგადოების წინაშე წარვადგენთ, ამიტომ აუცილებლად ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს და დაელოდეთ საინტერესო სიახლეებს!
სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ჩვენი პრიორიტეტია. ამჯერად საინტერესო სიახლე 4-ბ კლასიდან გვაქვს, დამრიგებლის, სოფო ჯაფარიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით.
კლასში განსაკუთრებული გაკვეთილი ჩატარდა. მშობლების – ნინი მემანიშვილისა და სალომე კიკაბიძის მონაწილეობით, მოსწავლეებმა წაიკითხეს და გააანალიზეს საინტერესო მოთხრობა „რობოტი“, რომელმაც ნამდვილი ფიქრისა და მსჯელობის ტალღა გამოიწვია.
ბავშვებმა იმსჯელეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ სიკეთეებსა და შესაძლებლობებზე, თუმცა მთავარი დასკვნა მაინც ერთსულოვანი იყო: ტექნოლოგია ძლიერია, მაგრამ ადამიანი – შეუცვლელი!
მიუხედავად იმისა, რომ რობოტებს ბევრი რამ შეუძლიათ, მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ემოცია, სიყვარული და შემოქმედებითი სული მხოლოდ ადამიანის პრივილეგიაა.
- მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიურობისა და სასკოლო ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

English