„რა სარგებს კაცს დიდება, თუ მოაკლდება მთავარი – თავისუფლება?! აქ, ჩვენს მამულში, გაჭირვებაც სხვანაირია, სოლომონ… აქ გაჭირვებაც კი სანუგეშოა! ხომ იცი, რატომ? იმიტომ, რომ აქ სულს სული თავისიანად მიაჩნია… აქ გულს გულის პასუხი ესმის! აქ, ამ მიწაზე, ჩვენი წინაპრების მიწაზე… სადაც ათასობით ქართველის სისხლი დაღვრილა, აქ ვართ ჩვენ ჩვენი თავის თავიც, ბატონიც, პატრონიც, ღმერთიც. აქ არის ჩვენი ჯოჯოხეთიცა და სასუფეველიც! და იქ განცხრომით ცხოვრებას აქ მირჩევნია სიკვდილი!”
სწორედ ამ სიტყვებით დასრულდა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისა“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომლის მონაწილენი მხოლოდ გოგონები იყვნენ, თავიდანვე ასეთი იყო იდეისა და სცენარის ავტორის, ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნიკოლოზ ჩიქოვანის, მხატვრული არჩევანი და გადაწყვეტა.
რატომ მაინცდამაინც გოგონები? ალბათ, იმიტომ, რომ თავად ნიკოლოზ ბარათაშვილიც, პოემის ბოლოს, სოლომონ ლიონიძის სულიერი ნათესავის- სოფიოს მსგავს ქალბატონებს მოინატრებს, მას მიუძღვნის ოდასა თუ გლოვის სიმღერას- „ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო…“ ალბათ, არც პოეტის ნოსტალგიაა შემთხვევითი, სწორედ იმ დროის ქალბატონებს რომ იხსენებს და ნატვრით შესცქერის, ეგებ, ავბედობისა თუ უბედობის ჟამს სწორედ განზოგადებული სოფიოს დაბადებამ თუ გამოღვიძებამ იხსნას ქართლი ჭირისა და უბედურებისაგან. იქნებ, სწორედ ქალი- როგორც დედა, როგორც ახალი სიცოცხლის საწყისი და სათავე, ერთგვარი სიმბოლოა განახლების და გადარჩენისა.
გადაჭარბებულიც არ იქნება, ითქვას, რომ ჩვენი ისტორიული მეხსიერების ათვლის წერტილიდან მოყოლებული ქალის როლი განუზომელია და სწორედ გოგონებმა, ღირსეულად, ქალური სინაზისა და ზომიერი მამაკაცური ენერგიის შეზავებით, შესანიშნავად წარმოაჩინეს ჩვენი ეროვნული ტრაგედიის სათავე- ორგულობა და ღალატი. მათ ასეთივე ოსტატობით, ჟინითა და გაუბზარავი სიმძაფრით გააჟღერეს მარადიული სათქმელი- თავისუფლება ღვთის მიერ მოცემული უმაღლესი ღირებულებაა და მისი შენარჩუნება ყოველი მოქალაქის უპირობო ვალდებულებაა, სამშობლოს სიყვარული კი შეუცვლელი.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სცენოგრაფებს- ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს- თამარ ბეჟუაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს- ნინო ჩიკვილაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელს- ნათია ლომიძეს და X¹ კლასის მოსწავლეს- ანი გერლიანს, რომელთაც შემოქმედებითი ენერგია და ენთუზიაზმი არ დაიშურეს სპექტაკლის მხატვრული სულისკვეთების მაყურებლამდე მისატანად.
9 ივნისს კიდევ ერთი საინტერესო და დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა. სკოლის ინტელექტ-კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, გათამაშდა “რა? სად? როდის?”.
ინტელექტ-კლუბს წარმატებით ხელმძღვანელობენ ჩვენი სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები – გურანდა შანიძე და ვიოლეტა კვანტალიანი.
ამჯერად სათამაშო მაგიდასთან ერთმანეთს მასწავლებლები და მშობლები დაუპირისპირდნენ. თამაში საკმაოდ დაძაბულად, დინამიკურად და საინტერესოდ წარიმართა.
ინტელექტ-კლუბის წევრი ბავშვები ერთნაირი ენთუზიაზმითა და სიყვარულით გულშემატკივრობდნენ როგორც თავიანთ პედაგოგებს, ისე მშობლებს.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ღონისძიებას სტუმრობდნენ ქუთაისსა და სრულიად საქართველოში ცნობილი მოაზროვნეები, ჩვენი კლუბის დიდი ხნის მეგობრები- სერგო თევდორაძე, ზაალ ხონელიძე და ბექა ზივზივაძე.
ინტელექტუალური პაექრობა მშობელთა გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 6:4 დასრულდა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას!
სკოლის წინააღმდეგ თამაშობდნენ ჩვენი მოსწავლეების მშობლები: რიტა გოგოხია, ბაქარ მუმლაძე, ლელა ძაგანია, ზეინაბ კიკვიძე, მაგდა შანიძე, ნათია გერაძე, სოფო აბესაძე, თეა ჩაფიძე და გუნდის კაპიტანი – ლაშა ახალაძე.
დასასრულს, გამარჯვებულმა მშობლებმა გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ შექმნილმა გუნდმა მომავალში სხვა პლატფორმებზეც განაგრძოს ასპარეზობა.
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია. მსგავსი არაფორმალური და შემეცნებითი აქტივობები კიდევ უფრო აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას და აახლოებს მშობლებსა და მასწავლებლებს.
ეს ყველაფერი კი პირდაპირ და დადებითად აისახება მოზარდების განვითარებაზე, მათ მოტივაციასა და კეთილდღეობაზე, რადგან ბავშვები ხედავენ, თუ როგორ თანამშრომლობენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები საერთო მიზნის გარშემო.
გთავაზობთ თამაშის ამსახველ ფოტომასალას. მადლობა თითოეულ მონაწილესა და გულშემატკივარს ამ მშვენიერი დღისთვის!
ინტელექტუალური თამაში „სეპტაგონი“ დასრულდა!
ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში დიდი წარმატებით დაგვირგვინდა ინგლისური ენის მასწავლებლის, რიტა რატიანის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი პროექტი „სეპტაგონი“.
მერვეკლასელთა მარათონი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას გულისხმობდა, საოცრად აზარტული აღმოჩნდა!
დაძაბული და საინტერესო ასპარეზობის შედეგად, ყველაზე მეტი „სეპტაგონის“ მონეტა დააგროვა და პროექტის წლევანდელი ჩემპიონი გახდა VIII¹ კლასის გუნდი — „კარაველა“ (დამრიგებელი: ნონა ონიანი).
მთელი გულით ვულოცავთ მოსწავლეებს ამ დამსახურებულ გამარჯვებას! მათ შესანიშნავად წარმოაჩინეს გუნდური მუშაობისა და ლოგიკური აზროვნების უნარები.
აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ პროექტის ისტორია და აღვნიშნოთ, რომ “სეპტაგონის” პირველი სეზონის ტრიუმფატორი X⁵ კლასი, ხოლო გასული წლის გამარჯვებული VII³ კლასი გახლდათ.
გვიხარია, რომ ეს ინტელექტუალური თამაში ერთგვარ ტრადიციად იქცა და მოსწავლეებში ყოველწლიურად ასეთ დიდ ინტერესსა და ჯანსაღ კონკურენციას იწვევს.
დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორს, აქტიურად ჩართულ პედაგოგებსა და თითოეულ მონაწილეს ასეთი დასამახსოვრებელი და ხალისიანი დღეებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფოტომემატიანეს- ელისო მამასახლისს!
წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევა გელოდებათ!
ჩვენი სკოლის X კლასებში კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი პროექტი განხორციელდა.
მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი “ლოგიკის არენა”, რომლის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ მათემატიკის მასწავლებელი- მალხაზ ჭაბუკიანი.
პროექტის მიმდინარეობა პირველივე წუთებიდან სავსე იყო დიდი მოლოდინით, დაძაბულობით, ჯანსაღი კონკურენციითა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილით.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები გუნდებად გაერთიანდნენ და ერთმანეთს მათემატიკური უნარების გამოვლენაში შეეჯიბრნენ. ისინი ხსნიდნენ რთულ ამოცანებს და უხდებოდათ თეორიულ კითხვებზე პასუხის გაცემაც. მოსწავლეებს, ასევე, უწევდათ ისეთ რთულ ლოგიკურ თავსატეხებთან გამკლავება, რომელთა გადასაწყვეტად ცოდნასთან ერთად, სისწრაფე და გონებრივი მოხერხებულობაც გადამწყვეტ როლს თამაშობდა.
შეჯიბრების ყოველი ახალი ეტაპი უფრო მეტად ამძაფრებდა ემოციებს — სწორი პასუხები დიდ სიხარულს იწვევდა, დაშვებული შეცდომები კი მოსწავლეებს ახალ მოტივაციას უჩენდა.
დაძაბული და ძალიან საინტერესო ბრძოლის შედეგად, კონკურსის გამარჯვებული X³ კლასი გახდა! გამარჯვებული გუნდის წევრები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკურსში ყველა მონაწილემ მოიპოვა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი- თითოეულმა მათგანმა შეიძინა გუნდური მუშაობის უდიდესი გამოცდილება, გაიღრმავა ცოდნა და მიიღო დაუვიწყარი ემოცია.
მადლობა პროექტის ავტორს და თითოეულ მონაწილეს ამ შესანიშნავი და ნაყოფიერი დღისთვის!

English