რამდენად ხშირად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ჯანსაღი ცხოვრების წესი მოზარდის განვითარებაზე?
გარდატეხის ასაკში ორგანიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და მოწესრიგებული დღის რეჟიმი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი — ეს პირდაპირ კავშირშია მოზარდის აკადემიურ მოსწრებასა და ემოციურ მდგრადობასთან.
სკოლის მიზანია, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას. გვსურს გაგიზიაროთ საინტერესო ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციოთ ჯანსაღი ცხოვრება ყოველდღიურობის ნაწილად.
გთავაზობთ შეხვედრას ჯანსაღი ჩვევების მნიშვნელობის შესახებ!
შეხვედრის დრო: 23 დეკემბერი, 11 სთ.
შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/NLUiU
გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი გონება წარმატების საწინდარია!
არაფორმალური განათლება — იპოვე საკუთარი თავი სხვა გარემოში!
თანამედროვე განათლება დიდი ხანია გასცდა ტრადიციული სახელმძღვანელოებისა და გაკვეთილების ჩარჩოებს. ნამდვილი აღმოჩენები, საკუთარი თავის შეცნობა და იმ უნარების გამომუშავება, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება, სწორედ არაფორმალური განათლების სივრცეში ხდება.
დღეს ქუთაისის N30 საჯარო სკოლის სადისკუსიო კლუბში, რომელსაც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები — გურანდა შანიძე და ვიკა კვანტალიანი ხელმძღვანელობენ, სწორედ ამ თემაზე გაიმართა საინტერესო შეხვედრა. ჩვენმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და კურსდამთავრებულებმა ერთად იმსჯელეს იმაზე, თუ რატომ არის სასკოლო კლუბები მოსწავლის განვითარების განუყოფელი ნაწილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი საკლუბო მუშაობა?
კრიტიკული აზროვნება და თვითრეალიზება: კლუბი არის ადგილი, სადაც მოსწავლეს აქვს თავისუფლება, გამოთქვას აზრი, იკამათოს და იპოვოს საკუთარი ინტერესის სფერო.
სოციალური უნარები: კლუბი აერთიანებს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მოსწავლეებს, რაც მათ ეხმარება სოციალური ბარიერების გადალახვაში. ისინი თავს ერთიანი სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობენ, რაც ზრდის მათ მოტივაციას სკოლის მიმართ და ამცირებს გაუცხოების განცდას.
კავშირი რეალურ სამყაროსთან: ბევრი მოსწავლისთვის კლუბი ხდება პროფესიული ორიენტაციის საფუძველი. აქ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება — იქნება ეს დებატები, გარემოს დაცვა, შემოქმედებითი წერა თუ სხვა, — ხშირად ხდება იმ გზის დასაწყისი, რომელსაც ისინი უნივერსიტეტსა თუ პროფესიულ ცხოვრებაში ირჩევენ.
წარმატების ცოცხალი მაგალითი:
შეხვედრას განსაკუთრებული ელფერი შესძინა ჩვენმა კურსდამთავრებულმა, ეკა ჯორბენაძემ. ეკამ მოსწავლეებს ის ძვირფასი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც წლების წინ სწორედ ჩვენი სკოლის კედლებში დააგროვა. მან ემოციურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა საკლუბო მუშაობაში ჩართულობა პიროვნულ ზრდაში. ეკას თქმით, სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და გამომუშავებულმა უნარებმა, ფაქტობრივად, განსაზღვრა მისი პროფესიული არჩევანი და პიროვნული გზა.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მასწავლებლებს. მათი მოტივაცია, უანგაროდ იმუშაონ დამატებით, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — დაინახონ მოსწავლეების ანთებული თვალები და დაეხმარონ მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ განახლებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, გვინდა თქვენი აზრიც მოვისმინოთ:
რა ტიპის ინოვაციური კლუბის შექმნას ისურვებდით ჩვენს სკოლაში?
რა ცვლილებები გახდიდა საკლუბო შეხვედრებს კიდევ უფრო მიმზიდველს?
გაგვიზიარეთ იდეები კომენტარებში! თქვენი ჩართულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

ლიტერატურა არის დიალოგი დროისა და სივრცის მიღმა! ჩვენი თავგადასავალი სწორედ ლიტერატურას უკავშირდება!
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში გრძელდება მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი – „ლიტერატურული ოდისეა“.
ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს შევაყვაროთ კითხვის პროცესი, განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნება, თანაგრძნობის უნარი და დამოუკიდებელი ძიების სურვილი.
ამ დიდ მოგზაურობას გზამკვლევობას უწევენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნიკოლოზ ჩიქოვანი და X-1 კლასის მოსწავლეები: ნინო ჟღენტი და ანი გერლიანი.
პროექტის პირველ ეტაპზე მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბერძენი ავტორის, ნიკოს კაზანძაკისის მითოლოგიურ სიუჟეტებზე აგებულ რომანში, „კნოსოსის სასახლეში“ იმოგზაურეს. წიგნის დამუშავების შემდეგ, ხუთ-ხუთი მოსწავლისგან შემდგარმა გუნდებმა საინტერესო ქვიზში მიიღეს მონაწილეობა და მინოტავრის ლაბირინთებიდან მომდევნო ეტაპზე წარმატებით გადაინაცვლეს IX-1, IX-2, IX-4, IX-5 და IX-6 კლასებმა.
მეორე ეტაპი გაცილებით ემოციური და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებს ამერიკელი მწერლის, დენიელ კიზის გენიალური ნაწარმოები „ყვავილები ელჯერნონისთვის“ მიეცათ დასამუშავებლად. წიგნი მოგვითხრობს ჩარლი გორდონზე, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც ძალიან უნდა, ჭკვიანი იყოს და გამართულად წერა-კითხვა შეეძლოს. განსაკუთრებულად მონდომებულ ჩარლის ექსპერიმენტში რთავენ, რომელიც მანამდე ლაბორატორიის თეთრ თაგვზე, ელჯერნონზე ჩაატარეს.
რა მოხდება, თუკი საგანგებო ოპერაცია ჩარლის ინტელექტს მართლაც გააუმჯობესებს? სწორედ ამ რთულ კითხვებსა და იმ ზღვა ემოციას, რომელსაც თინათინ ხომერიკის შესანიშნავი ქართული თარგმანი ასე მძაფრად განგვაცდევინებს, შეეჭიდნენ ჩვენი მოსწავლეები. მათ ტექსტის საზოგადოებისთვის წარდგენა დაევალათ და უნდა ითქვას, რომ ბავშვები უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ აღნიშნულ გამოწვევას. 15-წუთიან პრეზენტაციებზე ისინი ნამდვილ მკვლევარ-ლიტერატორებად მოგვევლინენ და მსმენელებს საკუთარი ღრმა, საინტერესო მიგნებები გაუზიარეს.
მოსწავლეების შრომა და მონდომება საპატიო ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიკა თეგეტაშვილი და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიკა კვანტალიანი. მათ არ დაიშურეს დადებითი შეფასებები და აღნიშნეს, რომ ბავშვების მოსმენით ნამდვილი სიამოვნება მიიღეს.
მომდევნო, შემოქმედებითი ხასიათის ტურში, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, ლიტერატურულ ძიებას IX-1, IX-4, IX-5 და IX-6 კლასები გააგრძელებენ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ბევრ აღმოჩენას მოგვიტანს. დაელოდეთ ლიტერატურულ სიახლეებს ჩვენი დიდი მოგზაურობიდან!

English