ჩაუქრობელი ენთუზიაზმი დაწყებითი კლასში!
გრძელდება დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ლია გოგავას (Lia Gogava), გრძელვადიანი პროექტი- „მშობლის ნაბიჯი კლასში — ბავშვის თავდაჯერებული ნაბიჯი ცხოვრებაში.“
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა თომა ახალაძის ოჯახის ვიზიტი ჩვენს კლასში- დედა ნინო ჩუბინიძე, მამა ლაშა ახალაძე, დაიკო თინანო და პატარა ძამიკო, შიო ახალაძე ერთ გუნდად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში და ბავშვებს დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქეს.
მათ მიერ დაგეგმილი პროექტი: „განძის მაძიებლები“, ნამდვილ დღესასწაულად იქცა. პატარა მოსწავლეები მეკობრეების მელოდიის ფონზე თავგადასავალში ჩაებნენ, ისინი ეძებდნენ მინიშნებებს, პასუხობდნენ კითხვებს და თითოეული ნაბიჯით უფრო უახლოვდებოდნენ მიზანს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმანაც, რომ ვიქტორინის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სკოლის დირექტორთან იყო დამალული — რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ბავშვებში მოლოდინი და მოტივაცია.
საბოლოოდ, პატარა მეკობრეებმა იპოვეს სკივრში დამალული ტკბილი განძი. სიხარულითა და გამარჯვების ემოციებით სავსე ეს დღე მათთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.
თითოეული ასეთი აქტივობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ სახალისო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა — სწავლა მათთვის ხდება უფრო ახლობელი, საინტერესო და შთამაგონებელი.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ახალაძეების ოჯახს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სწავლა სიხარულთან და სიყვარულთან არის დაკავშირებული.
განათლება მრავალმხრივი პროცესია, სადაც მშობლის როლი და მისი უშუალო ჩართულობა სასწავლო პროცესში გადამწყვეტია. სკოლისა და ოჯახის მჭიდრო თანამშრომლობა ეხმარება პატარებს, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ და მეტი ხალისით ჩაერთონ შემეცნებით თავგადასავლებში.
სწორედ ამ მიზნით, 1-ბ კლასში დაწყებითი განათლების მასწავლებლისა და კლასის დამრიგებლის, ვერონიკა ჩიხრაძის (Veronika Chixradze) ინიციატივით, კიდევ ერთი გამორჩეული და ინტერაქციული გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა ამჯერად ყველასათვის საყვარელი ქართული ზღაპარი – „ლომი და კურდღელი“ განიხილეს.
საგაკვეთილო პროცესი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: ბავშვებმა დიდი ინტერესით დაახასიათეს პერსონაჟები, ლოგიკურად გაიაზრეს და თანმიმდევრობით დაალაგეს ფერადი ილუსტრაციები.
წყვილებში მუშაობამ და ცხოველთა გამოსახულებების გაფერადებამ პატარებს საშუალება მისცა, უკეთ აღექვათ ზღაპრის შინაარსი და განევითარებინათ შემოქმედებითი უნარები.
მსგავსი აქტივობებით ჩვენ ვცდილობთ, ყოველდღიური სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ.
უღრმეს მადლობას ვუხდით ანდრია წოწორიას დედიკოს, სოფო სანთელაძეს, რომელიც აქტიურად ჩაერთო გაკვეთილში და თავისი მონაწილეობით ეს დღე მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
ასეთი ერთობლივი ძალისხმევა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მშობლის მხარდაჭერამ გაამდიდროს სასკოლო ცხოვრება.
სკოლისა და მშობლების მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი პრიორიტეტია
გრძელდება დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ლია გოგავას (Lia Gogava) გრძელვადიანი პროექტი:
„მშობლის ნაბიჯი კლასში — ბავშვის თავდაჯერებული ნაბიჯი ცხოვრებაში“, რომელიც სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობისა და ბავშვის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ამჯერად კლასს ესტუმრა ანდრია გიორგაიას ოჯახი —
მამა თენგო გიორგაია, დედა ნათია გუმბერიძე და დაიკო მარიამი.
მათ ჩაატარეს საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი თემაზე:
„ვინ ვარ მე? — პროფესიის გამოცნობა“
მშობლებმა მოიტანეს მრავალფეროვანი რეკვიზიტები — სამშენებლო ჩაფხუტი, ასაწყობი სახლები, ნახაზები, სარეკლამო პოსტერი, ჩამწერი მოწყობილობა…
ანდრიას მამიკომ ბავშვებს გააცნო თავისი პროფესია და საქმიანობა — უძრავი ქონების სფერო. ისაუბრა იმაზეც, თუ რა საშუალებებს იყენებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში: ვიდეორგოლების გადაღება, ფოტოების შექმნა და მათი გავრცელება სოციალურ თუ სხვა საინფორმაციო სივრცეში.
მშობელმა ბავშვებს ესაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს უძრავ ქონებად და მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა მაგალითები.
პატარებმა დიდი ინტერესით გამოთქვეს საკუთარი აზრები — პასუხები იყო როგორც სახალისო, ისე რეალობასთან მიახლოებული.
ბავშვებმა ნახეს ფოტო-სლაიდები, გაეცნენ სხვადასხვა ტიპის შენობებს, ხოლო დედიკომ და დაიკომ ჯგუფებში დაურიგეს მაგნიტური ფიგურები და ბავშვებმა საკუთარი სახლები ააგეს.
განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ ლაზერულ საზომ ხელსაწყოს — მათ თავად გაზომეს საკლასო ოთახის სიმაღლე და სიგრძე, რამაც გაკვეთილი კიდევ უფრო ცოცხალი და შთამბეჭდავი გახადა.
შემდეგ ბავშვებმა ბარათებზე დაწერეს, როგორი სახლი ისურვებდნენ თავად — მათი ოცნებები ფურცლებზე გაცოცხლდა.
გაკვეთილის დასასრულს კი პატარა „ინტერვიუ“ გაიმართა — ბავშვებმა გააზიარეს საკუთარი ემოციები, შთაბეჭდილებები და სიხარული.
და ბოლოს… ანდრიას ოჯახმა პატარები გემრიელი ჩურჩხელებით დაასაჩუქრეს — დღე ტკბილად და ბედნიერად დასრულდა.
გულწრფელი მადლობა გიორგაიების ოჯახს ასეთი საინტერესო, შთამბეჭდავი და სითბოთი სავსე დღისათვის. მადლობა ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისთვის — თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ბავშვებისთვის უდიდესი მოტივაციაა და სწორედ თქვენთან ერთად ვქმნით ასეთ თბილ, სიყვარულით სავსე სასწავლო გარემოს.

English