გრძელდება ჩვენი სკოლის I-3 კლასის პროექტი მშობელთა აქტიური ჩართულობით, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს, სახალისოს და ენთუზიაზმით სავსეს ხდის. ბუნებაში შეგრძნების ორგანოების შესწავლის დასასრულს ჩატარდა შემაჯამებელი აქტივობა „გემოების თამაში“, რომელიც ნამდვილ აღმოჩენად და სიხარულით სავსე პროცესად იქცა ჩვენი პატარა მოსწავლეებისთვის.
ეს იყო „გემოების თამაში“ – ცოდნის, სიხარულისა და ერთობის დღე!
აქტივობის მთავარი მიზანი იყო მიღებული ცოდნის განმტკიცება და მისი პრაქტიკაში გამოყენება სახალისო და შემოქმედებითი გზით. ბავშვებმა ნაბიჯ-ნაბიჯ იმოგზაურეს ცოდნის სამყაროში: გაიხსენეს შეგრძნების ორგანოები, უყურეს თემატურ ვიდეოს, ამოხსნეს კროსვორდი, ააწყვეს ფაზლები და შექმნეს საინტერესო პოსტერები.
ყველაზე დიდი ემოცია კი „გემოების გამოცნობამ“ გამოიწვია, სადაც თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები თამამად წარმოაჩინა.
განსაკუთრებულად დასაფასებელია მშობლების ჩართულობა. მათმა აქტიურმა მონაწილეობამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და თავდაჯერებულობა. ბავშვებმა იგრძნეს მხარდაჭერა, რამაც ხელი შეუწყო მათ უკეთეს ჩართულობასა და შედეგიან მუშაობას. ამასთანავე, კიდევ უფრო გაძლიერდა სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა.
უმნიშვნელოვანესი იყო სპეციალური მასწავლებლისა (რუსუდან კაპანაძე) და ასისტენტის (დარიკო ჯალაღონია) ჩართულობა, რამაც უზრუნველყო ყველა ბავშვის თანაბარი მონაწილეობა. შეიქმნა ინკლუზიური, მეგობრული გარემო, სადაც თითოეულმა მოსწავლემ იგრძნო საკუთარი მნიშვნელობა და შეძლო წარმატების მიღწევა.
ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სწავლა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ის სავსეა ემოციებით, მხარდაჭერითა და ერთობლივი სიხარულით.
კლასის დამრიგებელი: ასმათ ბედინაშვილი
ზღაპრული შეხვედრები – ჯადოსნური წუთები ჩვენს პირველკლასელებთან!
პირველკლასელთა სასწავლო გზის დასაწყისში მშობელთა აქტიური ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მათი მხარდაჭერა ამყარებს ბავშვების თავდაჯერებულობას, ზრდის მოტივაციას და უწყობს ხელს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სადაც თითოეული პატარა თავდაჯერებულად დგამს პირველ ნაბიჯებს განათლების გზაზე.
ამ მიზნით, სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ჩვენს კლასში მიმდინარეობს პროექტი „ზღაპრული შეხვედრები“, რომელსაც ხელმძღვანელობს I-3 კლასის დაწყებითი კლასის მასწავლებელი: ასმათ ბედინაშვილი. პროექტის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, ერთი მშობელი უკითხავს ბავშვებს ზღაპარს. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენენ, პასუხობენ შეკითხვებს, საუბრობენ რა მოეწონათ/არ მოეწონათ ზღაპარში, რას ასწავლით ზღაპარი. უყურებენ შესაბამის მულტფილმს/ანიმაციას და საუბრობენ მსგავსება-განსხვავებაზე. მარტივი ფრაზებით გადმოსცემენ თავიანთ აზრს პერსონაჟთან დაკავშირებით. ხატავენ სასურველ ეპიზოდს.
გაკვეთილის დასასრულს მომდევნო მკითხველს ვირჩევთ შემთხვევითობის პრინციპით. ეს პროცესი ბავშვებში კიდევ უფრო მეტად იწვევს დადებით ემოციას და აციმციმებული თვალებით ელოდებიან მომდევნო ,,იღბლიანი მკითხველის“ დასახელებას. მოსწავლეებმა უკვე მოისმინეს და იმსჯელეს ქართულ ხალხურ ზღაპრებზე:
1. ,,კომბლე“ – ამ ზღაპრის დახმარებით ბავშვები დაფიქრდნენ გულუხვობისა და სიკეთის მნიშვნელობაზე. ბავშვებმა აღნიშნეს: „თუ სხვას დავეხმარებით, უფრო ბედნიერები ვიქნებით“.
2. ,,ნაცარქექია“ – ბავშვები დაფიქრდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოხერხებულობა.
3. ,,მუჭანახევარა“ – მთავარი პერსონაჟის დახმარებით მიხვდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის გონიერება.
4. ,,გაუცინარი ხელმწიფე“ – ზღაპრის მოსმენის შემდეგ კი აღნიშნეს, რომ კეთილი უნდა ვიყოთ ყველას მიმართ.
5. ,,მეგობრობა“ – დარწმუნდნენ, რომ მეგობრობას დიდი ძალა აქვს.
ბავშვები ყოველ ოთხშაბათს დიდი ინტერესით ელოდებიან, რადგან გრძელდება ჩვენი კლასის ,,ზღაპრული შეხვედრები“.
3 აპრილს, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის VIII-2 კლასის მოსწავლეები ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ. კლასის ხელმძღვანელთან, ნათია მოსეშვილთან ერთად დაგეგმილ ამ ემოციურ ღონისძიებას ხელოვნების მასწავლებელი ცირა ბრეგვაძე უძღვებოდა.
ვიზიტის მთავარი მიზანი ხანდაზმულებისთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვა და მათთვის სიყვარულისა და მზრუნველობის გაზიარება იყო. თითოეულმა მოსწავლემ საგანგებოდ, საკუთარი ხელებით დაამზადა სააღდგომო დეკორატიული კვერცხი. ისინი თბილი სიტყვებით მოეფერნენ მოხუცებს და ის სასიცოცხლო ძალა გაუნაწილეს, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ღრმად გაიაზრეს, თუ რამხელა ძალა აქვს სიკეთეს. თავიანთი განცდები მათ შემოქმედებითადაც გამოხატეს და თემატურ ჩანახატებში ასახეს. თავის მხრივ, პანსიონატის ბენეფიციარებმა უდიდესი მადლიერება გამოხატეს ახალგაზრდების მიმართ და აღნიშნეს, რომ მომავალი თაობის შემხედვარე, საიმედო ხელში გრძნობენ თავს.
მსგავსი საქველმოქმედო და სოციალური აქტივობები ფასდაუდებელ როლს ასრულებს მოზარდების პიროვნულ განვითარებაში. თაობათა შორის ურთიერთობა და თანადგომა ბავშვებში აყალიბებს ემპათიას, მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას. ეს არის ცოცხალი გაკვეთილი იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირედი ყურადღებითაც კი სხვა ადამიანების ცხოვრების გალამაზება.
სკოლაში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა. საკლასო ოთახში გამართულ დისკუსიაზე ბავშვებმა გულწრფელად გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი ემოციები, შთაბეჭდილებები და აზრები.

English