14 აპრილი — სახელმწიფო ენის დღე ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისთვის 14 აპრილი განსაკუთრებული თარიღია — ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ ვმტკიცდებით ჩვენს უმთავრეს ფასეულობაში. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და ტრადიცია ღირსეულად გაგრძელდა.
ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ ენა, არამედ სიღრმისეულად გაიაზრონ მისი რაობა. მხოლოდ იმ ფასეულობების გაცნობიერებით, რომლებსაც ქართული ენა საუკუნეების განმავლობაში ატარებდა, იბადება ნამდვილი ინტერესი და პასუხისმგებლობა — დავიცვათ მშობლიური ენა იმ გამოწვევებისგან, რომელთა წინაშეც ის 21-ე საუკუნეში დგას.
სადღესასწაულო დღის ფარგლებში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური თემები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოება დააფიქრა ენის მრავალფეროვნებაზე:
„ენის რაობა“ — ფუნდამენტური ხედვა ჩვენს იდენტობაზე;
„სოციალური ქსელების ენა“ — თანამედროვეობის გავლენა და ახალი გამოწვევები;
„ენა და სტერეოტიპები“ — როგორ აირეკლება ჩვენი აზროვნება მეტყველებაში;
„არავერბალური ენა“ — კომუნიკაცია სიტყვებს მიღმა.
მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ენის დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ვალია.
მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნანა კახიძეს (ნანა კახიძე) ამ მნიშვნელოვანი დღის ასეთი შინაარსიანი აღნიშვნისთვის!
მეცნიერება იწყება სკოლიდან!
დასრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი — “ენათმეცნიერული კვლევა სკოლაში- SCR-25-361”, რომელმაც ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალა.
კვლევისა და კონფერენციის მონაწილე 17-მა მოსწავლემ აჩვენა, რომ ქართული კლასიკური ლიტერატურის ენობრივი კვლევა არა მხოლოდ საინტერესო სასკოლო დავალება, არამედ სერიოზული სამეცნიერო ძიებაა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობამ მათ უნიკალური გამოცდილება შესძინა, რაც სამომავლოდ, საუნივერსიტეტო სივრცეშიც დიდ წარმატებას მოუტანთ.
პროექტის მნიშვნელოვანი შედეგები:
დაარსდა „ენათმეცნიერული კვლევის კლუბი“;
შეიქმნა ღირებული სასწავლო რესურსები;
მოსწავლეებმა განივითარეს კვლევითი და პრეზენტაციის უნარები.
უდიდესი მადლობა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის:
პროექტის ხელმძღვანელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების ასისტენტ-პროფესორს — თამარ ნინიძეს (თამარ ნინიძე);
ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელსა და პროექტის თანახელმძღვანელს — ნანა კახიძეს (ნანა კახიძე);
პროექტის ასისტენტს, ქართული ენის მიმართულების სპეციალისტს — ანა გელენიძეს.
ჩვენი კლუბი აგრძელებს მუშაობას და წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველის!
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანა კახიძის (ნანა კახიძე) ინიციატივით, 2019 წლიდან ჩვენს სკოლაში ადგილი დაიმკვიდრა სრულიად გამორჩეულმა ტრადიციამ, რომელიც დროთა განმავლობაში სკოლის სავიზიტო ბარათად და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად იქცა.
ეს არის „პერსონაჟის დღე“, რომელსაც ტრადიციულად 23 აპრილს აღვნიშნავთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სკოლა ამ კუთხით, ფაქტობრივად, ნოვატორია, რადგან მსგავს ლიტერატურულ დღესასწაულს სხვაგან არსად აღნიშნავენ.
გვსურს, განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი ამ დღის ინტელექტუალურ დატვირთვას. მოსწავლეები არა მხოლოდ კოსტიუმებს ირგებენ, არამედ პერსონაჟების ენით მონოლოგებს გვიყვებიან, წიგნებიდან საყვარელ ფრაგმენტებს კითხულობენ, ინსცენირებას და მუსიკალურ ნომრებს გვთავაზობენ და საინტერესო დისკუსიებს აწყობენ.
სწორედ ამიტომ, პერსონაჟის ფორმის მორგება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კოსტიუმირება. ეს არის პერსონაჟის ხასიათის, მისი შინაგანი სამყაროსა და ღირებულებების გათავისება.
როდესაც მოსწავლე საყვარელი გმირის როლში შედის, ის სწავლობს ემპათიას, უვითარდება წარმოსახვა და სამყაროს სხვა ადამიანის თვალით უყურებს. ასეთი აქტივობები აყვარებს ბავშვებს ლიტერატურას ყველაზე ცოცხალი გზით და თვითგამოხატვის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.
წლევანდელი დღესასწაული განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. V-ე კლასმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანა კახიძისა და მშობლების უშუალო ჩართულობით წარმოადგინეს თეატრალური პროექტი „პერსონაჟთა პოდიუმი“. პატარა მსახიობებმა მსოფლიო ლიტერატურისა და კინოს ცნობილი გმირების კოსტიუმები მოირგეს და მცირე სცენებიც გაითამაშეს.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მშობლებს. სწორედ მათი აქტიური ჩართულობითა და მათივე ხელით შექმნილი ორიგინალური რეკვიზიტებით შეძლეს ბავშვებმა როლების ასე დაჯერებულად შესრულება.
წელს პერსონაჟის დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა — უილიამ შექსპირის იუბილე. უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელის, ინგლისური ენის მასწავლებლის, სალომე ორმოცაძის (სალომე ორმოცაძე) ინიციატივით, ჩატარდა გამორჩეული ინგლისურენოვანი საღამო.
X-ა, X-ბ, X-გ, VI-ა და IX-ე კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის ბიოგრაფიის ამსახველი პრეზენტაციები, საინტერესო ფაქტები, შექსპირისეული ფრაზები და მათი კავშირი თანამედროვეობასთან.
ღონისძიებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ კათედრის სხვა წევრების, ნათია ლომიძის, ვიკა ბებურიშვილისა და სოფიო რობაქიძის მოსწავლეები, რომლებმაც ერთობლივი ძალისხმევით საუკეთესოდ წარმოაჩინეს დრამატურგის სამყარო.
პერსონაჟის დღეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რამხელა ძალა აქვს სკოლის, მოსწავლისა და მშობლის ერთიანობას.

English