რა გვინდა ვიცოდეთ ჩვენი მშობლების შესახებ?

19 მარტს N30 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, 7/2 კლასის დამრიგებლის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, თამარ კვარაკვახიძის (Tamu Na) ინიციატივით, შედგა მოსწავლეებისა და მშობლების ძალიან ემოციური შეხვედრა. აქტივობა სახელწოდებით – “რა გვინდა ვიცოდეთ ჩვენი მშობლების შესახებ?” – ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

🎒მოსწავლეები კითხვების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად იყვნენ დაყოფილნი: ადრეული ბავშვობა, სკოლის წლები, სტუდენტობის პერიოდი, მშობლობა, ღირებულებები და ფასეულობები, ასევე მოულოდნელი კითხვების კატეგორია.

💭ამ თბილმა და პოზიტიურმა გარემომ თითქოს ყველა მშობელი ბავშვობაში დააბრუნა. ისინი სიამოვნებითა და ნოსტალგიით იხსენებდნენ მნიშვნელოვან ემოციურ ცხოვრებისეულ და მომენტებს. შვილების მიერ დასმული მოულოდნელი შეკითხვები საკმაოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა, რასაც მშობლებმა სრული გულწრფელობით უპასუხეს.

🤝შეხვედრამ მნიშვნელოვანი მიზნები შეასრულა: ხელი შეუწყო თაობებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, შვილების მიერ მშობლების ამაგის უკეთ გააზრებას და მათ სხვა რაკურსით დანახვას. არაფორმალურ გარემოში ერთმანეთის საჭიროებებისა თუ ინტერესების მოსმენამ კიდევ უფრო დააახლოვა მშობლები და შვილები, რაც სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობის საუკეთესო მაგალითია.

🙏დიდ მადლობას ვუხდით 7/2 ლასის საოცრად აქტიურ, გონიერ და ღირსეულ მშობლებს ასეთი გულწრფელი პასუხებისა და აქტიური მონაწილეობისათვის.


ტინეიჯერული მეტყველების კულტურა — გულწრფელი დიალოგი N30 საჯარო სკოლაში!

🏫ჩვენს სკოლაში აქტიურად აგრძელებს მუშაობას სადისკუსიო კლუბი, რომელსაც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები: გურანდა შანიძე და ვიკა კვანტალიანი ხელმძღვანელობენ. კლუბის მიზანია, უპასუხოს სასკოლო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ სოციალურ და ფსიქო-ემოციურ განვითარებას.

👥ამჯერად, სადისკუსიო კლუბის შეხვედრა მე-9 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა. განსახილველი თემა კი საკმაოდ აქტუალური და პრობლემური გახლდათ: ტინეიჯერული მეტყველების კულტურა.

💬შეხვედრას, რომელიც ძალიან მწვავე, საინტერესო და საოცრად გულწრფელი იყო, სკოლის დირექცია და პედაგოგებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შემდეგი ძირითადი თემები მიმოიხილეს:

🔹თვითგამოხატვა თუ საფრთხე: არის თუ არა თინეიჯერული მეტყველება — უამრავი „უცხო“ და ჩანაცვლებული სიტყვით — უბრალოდ თვითდამკვიდრების საშუალება, თუ ის საფრთხეს უქმნის მშობლიურ ენას?

🔹ბილწსიტყვაობის პრობლემა: რატომ გახდა ბილწსიტყვაობა ტრენდული (ქუჩაში, მიმოწერაში, სოციალურ ქსელებში)? აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, ვინ ბილწსიტყვაობს — გოგონა თუ ვაჟი? და როგორ შეიძლება ამ პრობლემის შემცირება?

🔹ენა და სახელმწიფო: შეიძლება თუ არა, რომ სახელმწიფო ენის პატივისცემა და დაცვა კანონით დარეგულირდეს?

🗑️„სიტყვების გადაყრა“ — ასე ერქვა აქტივობას, რომლითაც დისკუსია დასრულდა. სააქტო დარბაზის სცენაზე განთავსებული იყო სიმბოლური სანაგვე ურნა, რომელშიც შეხვედრის მონაწილეებმა მოისროლეს ის სიტყვები, რომელთა ამოღებასაც ისურვებდნენ საკუთარი და სხვების ყოველდღიური ლექსიკონიდან. ეს იყო სახალისო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სერიოზული და დამაფიქრებელი ჟესტი.

⚠️რატომ არის მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანი?

🫂როდესაც სკოლა ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც მიზანი არა ვინმეს გაკრიტიკება ან შერცხვენა, არამედ მოსმენა და გაგებაა, მოზარდები საოცრად გულღიები ხდებიან. სწორედ ასეთი გულწრფელი, ბარიერებისგან დაცლილი საუბრები ეხმარება მოზარდებს საკუთარი ქცევის გააზრებაში. როცა მოსწავლე გრძნობს, რომ მას უსმენენ და მასთან დიალოგში შედიან, ის თავად იწყებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. გულღიაობა არის ის გასაღები, რომელიც სკოლასა და მოსწავლეს შორის ნამდვილ, ჯანსაღ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აშენებს.

🙌მადლობა ჩვენს მეცხრეკლასელებს ასეთი ჩართულობისა და გულწრფელობისთვის!

🏛️18-26 თებერვალს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ბექა ზივზივაძის, ორგანიზებით, 30-ე საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშს – „ისტორიადას“ უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მეშვიდე კლასის 90-ამდე მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც საკუთარი ცოდნა და უნარები საინტერესო და შემოქმედებით გარემოში გამოსცადეს.

💡ღონისძიების მთავარი მიზანი ისტორიის საგნისადმი ინტერესის გაღრმავება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება იყო. „ისტორიადა“, როგორც საგანმანათლებლო პლატფორმა, მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ინფორმაციის გააზრებულ გამოყენებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში.

🤝თამაშის ფორმატმა შექმნა მოტივაციის მომცემი გარემო, სადაც ბავშვებმა საგნობრივ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ზოგადი კომპეტენციებიც გამოავლინეს. გუნდური მუშაობა, დროის ეფექტური მართვა, ლიდერობა და ჯანსაღი კონკურენცია – ეს ის უნარებია, რომელთა განვითარებასაც ჩვენი სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

🏆ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსწავლეთა მაღალი ინტერესი ინტელექტუალური თამაშების მიმართ. ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ შემეცნების გზაზე!