ემზადებიან თუ არა ჩვენი პატარები სკოლისთვის? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის ბაღიდან სკოლაში გადასვლის ეტაპი იყოს არა სტრესული, არამედ საინტერესო, სახალისო და ბუნებრივი პროცესი. სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია სკოლაში ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ორი მთავარი საგანმანათლებლო რგოლის – ბაღისა და სკოლის (კონკრეტულად კი დაწყებითი საფეხურის) დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებას.
მსგავსი წამოწყება ფასდაუდებელ სარგებელს მოუტანს სასკოლო საზოგადოების მომავალ წევრებს – ისინი წინასწარ ეცნობიან სასკოლო გარემოს, უადვილდებათ ადაპტაცია, უმცირდებათ შფოთვა და სკოლის მიმართ დადებითი მოლოდინები უჩნდებათ.
პროექტი წინა სასწავლო წელს ქუთაისის მე-13 ბაგა-ბაღთან და მის დირექტორთან, ქალბატონ მაკა აბულაძესთან (Maka Abuladze), თანამშრომლობით დავიწყეთ. წელს კი პროცესში თემის ბაღებიც აქტიურად ჩაერთვნენ, რაც ძალიან გვახარებს.
პროექტის პირველი ეტაპი სკოლაში სტუმრობას დაეთმო:
პატარებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა და გაეცნენ გარემოს;
მშობლები დეტალურად გაეცნენ დაწყებითი განათლების კათედრის მუშაობის სპეციფიკას;
განსაკუთრებული საჩუქარი პატარებს ჩვენმა მე-10 კლასელებმა მოუმზადეს – მათთვის თოჯინების თეატრი მოაწყვეს (სცენარისტი და რეჟისორი – ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ორმოცაძე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი და თოჯინების ავტორ-შემოქმედი – სოფო ცერცვაძე (Sofia Tsertsvadze).
ყველაზე ემოციური და საინტერესო ნაწილი კი უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში ბავშვების ჩართვა აღმოჩნდა. ბაღის აღსაზრდელები (თითო კლასში 5-6 ბავშვი) ესტუმრნენ მე-4 კლასებს ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე. მათ ითამაშეს როლური თამაშები, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ექსპერიმენტებში და, რაც მთავარია, სკოლიდან უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი წავიდნენ.
პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა გველოდება: შეხვედრები მშობლებთან, ჩვენი საპასუხო ვიზიტები ბაღებში და ერთობლივი “მხიარული სტარტები”.
მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ მნიშვნელოვან პროცესში. ჩვენ ერთად ვზრუნავთ თითოეული ბავშვის წარმატებულ და მშვიდ სასკოლო სტარტზე!
წარმოგიდგენთ I-1 კლასის საინტერესო პროექტს: „მშობლის ნაბიჯი კლასში — ბავშვის თავდაჯერებული ნაბიჯი ცხოვრებაში“, რომელსაც დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ლია გოგავა (Lia Gogava) ხელმძღვანელობს.
ჩვენს კლასს ანამარია შავლაყაძის დედიკო, ელენე ხურციძე ესტუმრა და პატარებისთვის განსაკუთრებული, ნამდვილი „ტკბილი გაკვეთილი“ ჩაატარა.
ბავშვებმა სტუმარ მშობელთან ერთად შექმნეს კრემის ფერადი ტექსტურები და დიდი მონდომებით მორთეს მაფინები სხვადასხვა ფორმებით. პატარა ხელებმა ეს ყველაფერი სიყვარულით შექმნა, ბედნიერმა გულებმა კი — სიხარულით გააფორმა.
თითოეული ნამუშევარი სითბოთი, სიხარულითა და ბავშვური ფანტაზიით იყო სავსე. ეს დღე გადაიქცა ტკბილ, მხიარულ და დაუვიწყარ გამოცდილებად, სადაც სწავლა და პოზიტივი ერთიანად იგრძნობოდა.
სკოლისა და კლასის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით ელენე ხურციძეს ამ არომატითა და სიყვარულით სავსე დღისათვის, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ.
ხმამაღლა კითხვის კონკურსში
ფრანკოფონია 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციამ (AGPF) საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ საფრანგეთში პირველი გამოცემის 80 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა კონკურსი გამოაცხადა.
ხმამაღლა კითხვის კონკურსში (10-13 წლის მოსწავლეთათვის) მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის VII-2 კლასის მოსწავლეებმა: გიორგი კიკნაველიძემ და გიორგი გიორგაძემ, ასევე VIII-3 კლასის მოსწავლემ, სესილი ჭეიშვილმა. მასწავლებელი- ნესტან ხვედელიძე.
მონაწილეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები ცნობილი ფრანგი მწერლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავი ნაწარმოებიდან „პატარა უფლისწული“ და წარმოაჩინეს ტექსტის ემოციურად კითხვის უნარები.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოვლინდა გიორგი გიორგაძე. ფრანგული ინსტიტუტისა და კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორებმა გამარჯვებული დააჯილდოვეს სერტიფიკატითა და სიმბოლური საჩუქრებით.
კომიქსების კონკურსსა („პატარა პრინცის თვალით დანახული ჩვენი პლანეტა“ – 15-18 წლის მოსწავლეთათვის) და კალიგრამის კონკურსში („პატარა პრინცის მე-8 პლანეტა“ – 14-18 წლის მოსწავლეთათვის) მონაწილეობა მიიღეს X-6 კლასის მოსწავლეებმა: ანა წიქარიშვილმა, სიდონია გუჯეჯიანმა, ელისაბედ კილაძემ და ანასტასია კვიციანმა. (მასწავლებელი- ნესტან ხვედელიძე Nestan Khvedelidze ).
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეთა წარმოსახვის, მხატვრული უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. მონაწილეებს უნდა შეექმნათ კომიქსი, რომელშიც წარმოიდგენდნენ, როგორი იქნებოდა პატარა პრინცის ახალი – მერვე პლანეტა. მათმა ნამუშევარმა განსხვავებული და ორიგინალური იდეა წარმოაჩინა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა კავკასიის ფრანგულ სკოლაში მიმდინარე წლის 20 მარტს. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვულოცავთ გამარჯვებულს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს მათი მონდომებისა და აქტიურობისთვის.
ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს:
#საფრანგეთისსაელჩოსაქართველოში
#საქართველოსფრანგულიენისმასწავლებელთაასოციაცი

English