სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში 2025–2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, გაიმართა ინგლისური ენის შიდასასკოლო ოლიმპიადა VI კლასის მოსწავლეებს შორის.
აღნიშნული საგანმანათლებლო ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება და ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნელოვანი აკადემიური აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მათი პოტენციალის გამოვლენას. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი და ოლიმპიადამ კვლავ მაღალი ორგანიზებულობითა და აქტიური ჩართულობით ჩაიარა.
ოლიმპიადა ჩატარდა სამეტაპიანი სისტემით, რაც უზრუნველყოფდა მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების მრავალმხრივ შეფასებას. თითოეული ტური ორიენტირებული იყო ენობრივი კომპეტენციების განვითარებაზე, მათ შორის — გრამატიკული სიზუსტის, ლექსიკური მარაგის, კითხვის, გაგებისა და წერითი კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მოსწავლეთა მოსმენის უნარების გაუმჯობესებას, რაც თანამედროვე უცხო ენის სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ინიციატივა ეკუთვნის ინგლისური ენის პედაგოგებს — ვიოლეტა ბებურიშვილსა და ნათია ლომიძეს, რომელთა მიზანმიმართულმა მუშაობამ უზრუნველყო ოლიმპიადის მაღალ აკადემიურ დონეზე ჩატარება. ოლიმპიადის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეების გამოვლენა, არამედ ზოგადად სწავლისადმი ინტერესის გაღრმავება, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება.
ოლიმპიადაში სულ 65-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც ვიოლეტა ბებურიშვილი ასწავლით:
I ადგილი — გაბრიელ ჩოგოვაძე;
II ადგილი — ამირან ბარდაველიძე;
III ადგილი — ნიკოლოზ ქითმიროვი.
ოლიმპიადაში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ეფექტურად უწყობს ხელს მოსწავლეთა აკადემიურ ზრდასა და მათ მრავალმხრივ განვითარებას. ვულოცავთ გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც მნიშვნელოვან წინსვლასა და ახალ გამარჯვებებს!
ფორუმ თეატრი- ჩვენი სკოლის სავიზიტო ბარათად იქცა! 2025-2026 სასწავლო წელს ეს გამორჩეული აქტივობა უკვე მეორედ ჩატარდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ბავშვია სასწავლო პროცესის მთავარი ფიგურა, თუმცა სწავლა, როგორც პიროვნების სრულყოფის გზა, პირდაპირ მოიაზრებს სოციუმის – ოჯახის, სკოლის, საზოგადოების ჩართულობას, ჯანსაღ და ზომიერ თანამონაწილეობას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფორუმ თეატრი ხშირად სწორედ სკოლაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.
მინი-სკეტჩების სცენაზე წარმოდგენა და საზოგადოებისათვის ჩვენება პრობლემის მოგვარების გზების ძიების საუკეთესო საშუალებაა, ამ პროცესში წამოწყებული დიალოგი კი ყოველთვის შთამაგონებელია.
მსგავსი აქტივობები სასკოლო საზოგადოებას საკუთარ თავზე, განახლებისა და განვითარების აუცილებლობაზე დააფიქრებს.
რიგით მეორე ფორუმ თეატრის ძირითადი თემები იყო მშობლისა და სკოლის, მშობლისა და შვილის, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, რომელიც, უდავოა, განსაზღვრავს ჯანსაღად მოაზროვნე, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
სკოლა, სასწავლო პროცესი და ურთიერთობები არის ცოცხალი პროცესი, პროგრესი კი სასკოლო საზოგადოების ყოველი წევრის მოთხოვნილება და გარდაუვალი აუცილებლობა უნდა იყოს.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს ვუთხართ სცენარის ავტორს, ინგლისური ენის მასწავლებელს, სალომე ორმოცაძეს (სალომე ორმოცაძე) რეჟისორს- ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს, ბექა იაკობიძეს (Beqa Iakoba Iakobidze) და ჩვენს ძვირფას IX და X კლასის მოსწავლეებს, რომელთაც ენერგია არ დაზოგეს როლების საუკეთესოდ მორგებისა და პრობლემის მწვავედ წარმოჩენისათვის.
თითოეული ეპიზოდის წარმოდგენას თან მოჰყვა აქტიური დისკუსია მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დირექტორის – ბატონი მიხეილ გიორგაძის (მიხეილ გიორგაძე) უშუალო ჩართულობით.
უცვლელია ჩვენი სკოლის მთავარი ღირებულება – უსაფრთხო სასკოლო გარემო და მოსწავლეთა უპირობო სიყვარული.
8/4 კლასში გაიმართა საინტერესო და ემოციურად დატვირთული აქტივობა, რომლის პირველ ეტაპზეც მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში ნახეს ფილმი „გუნდის მომღერლები“. შეხვედრა შედგა ქართული ენისა და ლიტერატურის და მოქალაქეობის მასწავლებლების — ლიკა თეგეტაშვილისა და თამარ კვარაკვახიძის თანამშრომლობით.
ფილმის ჩვენების პარალელურად, ბავშვებმა იმსჯელეს მასში წამოჭრილ პრობლემებზე — მკაცრი აღზრდის სტილის ნეგატიურ მახასიათებლებზე, ძალადობრივი ურთიერთობების გამომწვევ მიზეზებზე, სიყვარულისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს — მასწავლებელს — შეცვალოს ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ.
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელეს ფილმის მთავარ სათქმელსა და იქ ასახულ პრობლემებზე, დაუკავშირეს ის თავიანთ საკლასო-საგაკვეთილო პროცესს და იფიქრეს, თუ რა გავლენა მოახდინა მათზე ნანახმა ისტორიამ. აქტივობის მეორე ეტაპზე, დისკუსიის შემდგომ, მოსწავლეებმა დაწერეს ერთობლივი წერილები და ფურცლებისგან გააკეთეს თვითმფრინავები. ისინი თითქოს ერთმანეთს უგზავნიდნენ გულწრფელ, მხარდაჭერასა და იმედზე დაფუძნებულ გზავნილებს იმის შესახებ, თუ რისი მიღება სურთ მეტად სკოლისა და ერთმანეთისგან. მათ გამოთქვეს სურვილები, როგორი უნდა იყოს სასწავლო გარემო, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაცულად და დაფასებულად იგრძნობს.
ეს შეხვედრა იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებასა და განათლებას, ერთად შექმნან სივრცე აზროვნებისთვის, ემპათიის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებისთვის
გიზიარებთ ამ დღის ამსახველ ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია ჩვენი მოსწავლეების ემოციები, ჩართულობა და ერთობლივი შრომის შედეგი.

English