ჩვენს სკოლაში მეშვიდეკლასელებისთვის ინგლისურ ენაზე შემეცნებითი და ინტერაქტიული ვიქტორინა გაიმართა. მოსწავლეებს სხვადასხვა სასკოლო საგნიდან შერჩეულ კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა.

ვიქტორინა პლატფორმა Kahoot-ის გამოყენებით ჩატარდა, სადაც მონაწილეების შედეგები არა მხოლოდ სწორ პასუხებზე, არამედ სისწრაფეზეც იყო დამოკიდებული.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები VIII-ბ კლასის მოსწავლეები გახლდათ. სწორედ მათ მოამზადეს კითხვები, ტექნიკურად უზრუნველყვეს პროგრამის მუშაობა, უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას ინგლისურ ენაზე კითხულობდნენ დავალებებს და ქულების დათვლასაც თავად ხელმძღვანელობდნენ.

ამ შესანიშნავი იდეის განხორციელება ინგლისური ენის მასწავლებლის, ნათია ლომიძის (Natia Lomidze), ხელმძღვანელობით მოხდა. სწორედ მისი აქტიური ჩართულობითა და ასისტენტირებით შეძლეს მერვეკლასელებმა მთელი ვიქტორინის ორგანიზება.

დაძაბული და ხალისიანი კონკურენციის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ:

პირველი ადგილი – VII-გ კლასი;

მეორე ადგილი – VII-დ კლასი;

მესამე ადგილი – VII-ბ კლასი.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო ინიციატივისთვის!


🏫როგორც უკვე იცით, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერებას. პედაგოგები აქტიურად ცდილობენ, რომ სხვადასხვა საფეხურზე, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებში მშობელთა თანამონაწილეობა გაზარდონ.

💡ამჯერად, მშობელთა ჩართულობის მიმართულებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნიკოლოზ ჩიქოვანის, ინიციატივით, იქმნება ვიდეოსერია სახელწოდებით – “მშობლის ორი წუთი”, რომლის მთავარი მიზანია, მშობლებმა საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები გაგვიზიარონ სწავლის, სკოლის, ცხოვრების, ურთიერთობების თუ სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

🚀გვჯერა, რომ ეს ვიდეოსერია დიდ სარგებელს მოუტანს სასკოლო საზოგადოებას. ის ხელს შეუწყობს სასკოლო თემის გაერთიანებასა და გაძლიერებას, აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და მოგვცემს მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარების შესანიშნავ შესაძლებლობას.

🤝ამასთან, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მშობლების კიდევ უფრო გააქტიურებას და დაგვეხმარება, გავაღრმავოთ ურთიერთპატივისცემა და ნდობა სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის.

🎬სიხარულით წარმოგიდგენთ ვიდეოციკლის პირველ სერიას, რომელშიც ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მშობელი, პროფესიით მასწავლებელი, ბელა შამათავა, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე – მოზარდთან ურთიერთობის შესახებ.
გიზიარებთ ვიდეოს და დიდი ინტერესით ველოდებით თქვენს შეფასებებსა და შთაბეჭდილებებს კომენტარებში.


📝სადირექტორო წერა ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში!

📅დღეს, 15 მაისს, ჩვენს სკოლაში დასრულდა ორკვირიანი საგამოცდო პროცესი — სადირექტორო წერა VII-X კლასის მოსწავლეებისათვის, რომელიც უკვე მესამე წელია სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, სხვადასხვა საგანში მიმდინარეობს.

🎯რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი?

✅️სადირექტორო წერა არ არის მხოლოდ გამოცდა, ის ჩვენი სკოლის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება:

🔸ობიექტურად განვსაზღვროთ მოსწავლეთა აკადემიური დონე;

🔸დროულად დავინახოთ სწავლა-სწავლების პროცესში არსებული მიღწევები თუ გამოწვევები;

🔸მუდმივად განვაახლოთ და გავაუმჯობესოთ სასკოლო კურიკულუმი.

📈მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში სადირექტორო წერამ მნიშვნელოვნად აამაღლა მოსწავლეთა პასუხისმგებლობა საგანთა სწავლის მიმართ, რაც დადებითად აისახება მათ აკადემიურ ცოდნაზე.

👩‍🏫სადირექტორო წერისთვის განკუთვნილ ტესტებზე სკოლის მასწავლებლები მუშაობენ. საგნობრივ სტანდარტებზე მორგებული, ობიექტური და ხარისხიანი საგამოცდო მასალის მომზადება შრომატევადი პროცესია, რაც დიდ დროსა და პროფესიულ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საგამოცდო ტესტის ავტორებს.

💻საგამოცდო პროცესი ორგანიზებულად, მშვიდ და აკადემიურ გარემოში წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის როლი — ტესტირებისთვის სრულად იქნა ათვისებული სკოლის ტექნოლოგიების კაბინეტი და მობილური კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც 90 ლეპტოპითა და შესაბამისი პორტებითაა აღჭურვილი. ამ რესურსის გამოყენებით, საკლასო ოთახებში შეიქმნა თანამედროვე საგამოცდო ცენტრის შესაბამისი, ინდივიდუალური სამუშაო სივრცეები.

🕵🏻‍♀️საგამოცდო პროცესის ობიექტურობისა და მოსწავლეთა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად თითოეულ სესიას სამ-სამი დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს.

📚მიმდინარე სესიაზე მოსწავლეებმა ცოდნა შემდეგ საგნებში გამოავლინეს:

🔹VII კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა;

🔹VIII კლასი- მათემატიკა; გეოგრაფია;

🔹IX კლასი- ისტორია; საბუნებისმეტყველო საგნების კომბინირებული გამოცდა (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია);

🔹X კლასი- მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა.

🌟ვამაყობთ თითოეული მოსწავლის შრომისმოყვარეობითა და გამოჩენილი პასუხისმგებლობით! დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი კიდევ ბევრი აკადემიური წარმატების საწინდარი გახდება!


🎉🏆ჩვენი სკოლის მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება!

📢სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისის სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ „თავისუფლების თამაშების ფესტივალზე“ ჩვენმა სკოლამ უდიდეს წარმატებას მიაღწია!

🏃‍♂️🏃‍♀️გეზრბენში გამართულ დაძაბულ შეჯიბრებაში, ჩვენი სკოლის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა!

🥇ჩვენს ჩემპიონებს საზეიმოდ გადაეცათ გამარჯვებულის თასი და მედლები.

👏ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს ამ დიდებულ გამარჯვებას! ვამაყობთ თქვენი სპორტული სულისკვეთებით, მიზანდასახულობითა და დაუღალავი შრომით. ასევე, განსაკუთრებული მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის მომზადებაში.

✨წინ კიდევ ბევრი ერთობლივი გამარჯვება გველოდება!