იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ – ეს ის დევიზია, რომლის გარშემოც ყოველწლიურად 100 ქვეყნის 31 მილიონამდე ადამიანი ერთიანდება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომლის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”, კითხვის პოპულარიზაციასა და წიგნიერების ამაღლებას ემსახურება. მოხარული ვართ, რომ საქართველო და, რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლაც, ტრადიციულად, ამ დიდი საერთაშორისო ინიციატივის ნაწილი გახდა!
სახელმწიფო ენის კათედრის ინიციატივით, ჩვენს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის ნამდვილი დღესასწაული – სპეციალური კვირეული მოეწყო. სასკოლო საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით ჩაება კითხვის მარათონში. კვირეულის ფარგლებში უამრავი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა: „იპოვე დამალული წიგნი“, „ჩემი წიგნის მეგზური“, „ლიტერატურული ფლეშმობი“ და „საიდუმლო მკითხველი“. განსაკუთრებული ემოციებით დაიტვირთა აქტივობები – „დიდები უკითხავენ პატარებს“ და „წიგნის მთხრობელი ნივთები“, რომლებმაც წიგნის სამყარო კიდევ უფრო ახლობელი და ჯადოსნური გახადა მოსწავლეებისთვის.
ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მშობლებმა ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ საჯაროდ კითხვის მარათონში ჩვენი ემიგრანტი მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
მათ მიერ გამოგზავნილმა ვიდეოჩანაწერებმა, სადაც ისინი საყვარელ ნაწარმოებებს კითხულობდნენ, კლასებში დიდი ინტერესი და სითბო გამოიწვია. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ წიგნი და კითხვის სიყვარული ყოველგვარ მანძილს აქრობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ხმამაღლა კითხვა? ეს არ არის მხოლოდ ტექსტის გაჟღერება – ეს არის ემოციების გაზიარება და ერთმანეთთან დაკავშირების საუკეთესო საშუალება. ხმამაღლა კითხვა აცოცხლებს ისტორიებს, გვივითარებს წარმოსახვას და გვაძლევს ძალას, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი გარემო.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ამ საოცარი კვირეულის შექმნისთვის! განაგრძეთ კითხვა, რადგან სწორედ წიგნებია გზა დიდი ცვლილებებისკენ.

English