ქიმია ყველგან, სადაც ჩვენ ვართ – მარია კიურის სახელობის ქიმიის კლუბის შემაჯამებელი კონფერენცია!
1-ელი ივლისი ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო! მარია კიურის სახელობის ქიმიის კლუბმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნინო ბოჭორიშვილი, გამართა დასკვნითი კონფერენცია, სახელწოდებით – „ქიმია ყველგან, სადაც ჩვენ ვართ“.
მთელი მეორე სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები დაუღალავად მუშაობდნენ საკუთარ კვლევით პროექტებზე. თითოეულმა მათგანმა აირჩია ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა და დააკავშირა იგი ქიმიურ მეცნიერებასთან.
გუნდების ნაწილმა ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა – მათ ერთი დღე გაატარეს კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებთან, რამაც საშუალება მისცათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაემყარებინათ.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფართო სპექტრის თემები:
ქიმია და კრიმინალისტიკა,
ქიმია და სტომატოლოგია,
ქიმია და მშენებლობა,
ქიმია და ხელოვნება,
ქიმია და გარემოსდაცვა,
ქიმია და კოსმეტიკა,
ქიმია და კულინარია,
მომავლის ქიმია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მსგავსი პროექტები მხოლოდ ქიმიის სწავლას არ ემსახურება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პროფორიენტაციის გზის გაკვალვა. როდესაც მოსწავლე საკუთარი ინტერესების მიხედვით იკვლევს პროფესიას, ის უფრო გააზრებულად უყურებს საკუთარ მომავალს და აღმოაჩენს, რომ ქიმია არის ის ფუნდამენტური საფუძველი, რომელზეც თანამედროვე პროფესიების უმეტესობა დგას.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების ინიციატივით, კვლევითი უნარებითა და შემოქმედებითი მიდგომით. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გამოცდილება მათ პროფესიულ არჩევანში მნიშვნელოვან ორიენტირად იქცევა.
მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საინტერესო მოგზაურობაში!
#ქიმია#მარიაკიურისკლუბი #განათლება#პროფორიენტაცია#სკოლა#ქიმიაყველგან#მომავლისპროფესიები#კვლევა
no images were found
6 ივლისს, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, თამარ ბეჟუაშვილის ინიციატივით, ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ექსპონატიდან ეპოქამდე“. ღონისძიება ჩატარდა პროექტის „საპოვნი ამბები მუზეუმიდან“ ფარგლებში.
პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაღრმავება და მუზეუმის, როგორც ცოცხალი საგანმანათლებლო სივრცის, გააზრება. მუზეუმთან აქტიური თანამშრომლობის გზით, მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.
კონფერენციის ფარგლებში X და XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის მიმდინარეობისას მიღებული ცოდნისა და კვლევის შედეგები.
მათ ისაუბრეს არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, საეკლესიო ინვენტარის, ხელნაწერებისა და სამკაულების შესახებ. თითოეულ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდა ინფორმაციის მოძიების მაღალი დონე, რაც მოსწავლეებს დაეხმარა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებაში და არგუმენტაციის უნარების განვითარებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმის დირექტორი, ქალბატონი ნონა ქარციძე, მუზეუმის თანამშრომლები, 30-ე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.
კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც მუზეუმის დირექტორმა აღნიშნა, დაწესებულება მზად არის, სამომავლოდაც დაუდგეს გვერდით 30-ე საჯარო სკოლას ახალ და საინტერესო ინიციატივებში.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონას და მუზეუმის მთელ კოლექტივს გვერდით დგომისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას.
no images were found

ქართულად