მუსიკალური ვიქტორინა 30-ე სკოლაში!
საგანმანათლებლო ვიქტორინა სახელწოდებით „ფერმატა“ გახლავთ ინტერაქციულ-შემეცნებითი თამაში, რომელიც ემსახურება სასწავლო პროცესში მუსიკის, როგორც დისციპლინის, აკადემიური სტატუსისა და მნიშვნელობის ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის იდეა უშუალოდ მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარეობს, ხოლო მის პრაქტიკულ რეალიზაციასა და მეთოდოლოგიურ გამართვას ხელმძღვანელობდა მუსიკოსი თეა გამეზარდაშვილი. ვიქტორინა მიზნად ისახავს მოსწავლეებში კლასიკური მუსიკალური მემკვიდრეობისადმი (და არა მარტო) ინტერესის გაღვივებას, მოტივაციის ამაღლებასა და შემეცნებითი აქტივობის სტიმულირებას.
ტერმინი „ფერმატა“ მუსიკალურ ნოტაციაში აღნიშნავს ბგერის ან პაუზის განუსაზღვრელი დროით შეჩერებას. მოცემული პროექტის კონტექსტში იგი სიმბოლურად გამოხატავს აკადემიურ პაუზას, რომელიც ეძღვნება კლასიკური მუსიკის გენიალური წარმომადგენლის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედების სიღრმისეულ განხილვას. ბეთჰოვენის მუსიკალური მემკვიდრეობა წარმოადგენს ერთგვარ ორიენტირსა და მეტრს მსოფლიო ხელოვნებაში.
მოცემული ვიქტორინა არ შემოიფარგლება ერთჯერადი ღონისძიებით; იგი წარმოადგენს გრძელვადიანი საგანმანათლებლო ციკლის საწყის ეტაპს, რომელიც გაგრძელდება მომდევნო სასწავლო წლებშიც.
პროექტის პერსპექტივა ითვალისწინებს ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მრავალფეროვან გაშუქებას, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა თვალსაწიერის ეტაპობრივ გაფართოებას.
პროექტში მონაწილეობდა მე-7 კლასის ოთხი პარალელი. გამარჯვებული გახდა მე-7/1 კლასის გუნდი „მელომანები“
, რომლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზით. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
პროექტის მხარდამჭერები არიან მუსიკის მასწავლებლები – მარიამ ჭეიშვილი და ნინო შალიკაშვილი. ასევე, ტექნიკური მხარდაჭერა ეკუთვნის ისტორიის მასწავლებელს, ბექა ზივზივაძეს. უღრმესი მადლობა მათ გაწეული დახმარებისთვის!
3 ივლისს გაიმართა დაწყებითების კათედრის შიდა კონფერენცია – გამოცდილების გაზიარების, მიმდინარე წლის ანალიზისა და მომავლის დაგეგმვის მიზნით.
სკოლის დირექტორის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თავად დირექტორი, ბატონი მიხეილ გიორგაძე და დირექტორის მოადგილე, ქეთევან ცირეკიძე. შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და მუდმივი განვითარება.
კონფერენციის ფარგლებში დაწყებითი კათედრის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე საინტერესო და აქტუალური თემები, რომლებიც შეეხებოდა მშობელთა ჩართულობას, მოსწავლეთა მოტივაციას, წიგნიერების განვითარებას, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, დამოუკიდებელი სწავლების ხელშეწყობას, ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს.
თითოეული მოხსენება პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკული საქმიანობის რეალურ მაგალითებს ეფუძნებოდა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო და შინაარსიანი დისკუსია, სადაც მონაწილეებმა დასვეს მნიშვნელოვანი კითხვები, იმსჯელეს აქტუალურ გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და ეფექტური პრაქტიკული მიდგომები.
კონფერენციის დასასრულს შეჯამდა განვლილი სასწავლო წელი, შეფასდა განხორციელებული საქმიანობა, გამოიკვეთა ძლიერი მხარეები და დაისახა ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმები.
ღონისძიების დასასრულს, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სკოლის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, სკოლის დირექტორმა კონფერენციის ყველა მომხსენებელი სამადლობელი სიგელით დააჯილდოვა.
გვჯერა, რომ განათლების ხარისხი იქ იწყება, სადაც მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ასეთი პროფესიული თანამშრომლობა აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას და ქმნის გარემოს, სადაც ვითარდებიან როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები.
დაწყებითი კათედრა მართლაც საქმით საუბრობს, ცოდნას აზიარებს და მომავლის განათლებას ერთად ქმნის.
ჩვენი სკოლის სცენა ნამდვილი ჯადოქრობის ტყვედ იქცა! IV-3 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება და მეხუთე კლასში გადასვლა საოცარი, ემოციებით სავსე სპექტაკლით აღნიშნეს.
მათ დაგვანახეს, რომ დიდობა სულაც არ ნიშნავს სასწაულების დასრულებას და ზღაპარი ჩვენთან ერთად გრძელდება, თუკი ირწმუნებ.
ამ გამოსაშვებ საღამოს უმნიშვნელოვანესი მიზანი და ღირებულება ჰქონდა. პატარებმა საყვარელი წიგნის გმირებთან ერთად იმოგზაურეს და მოიპოვეს სიცილის, სიმშვიდის, სიმამაცისა და ოცნების გასაღებები, რათა მომავალ წელს სკოლის დიდ დერეფნებში თამამად შეაბიჯონ.
სპექტაკლმა შეგვახსენა მთავარი რამ – ყველაზე მძიმე და რთულ კარს ყოველთვის ერთად დგომა და მეგობრობა აღებს.
ამ დაუვიწყარი თავგადასავლის სულისჩამდგმელი, სცენარის ავტორი და კლასის საყვარელი დამრიგებელი ქეთევან ცირეკიძე გახლავთ, რომელმაც შეძლო, რომ თითოეული ბავშვისთვის ზღაპრის მთავარი გმირის როლი მოერგო და მათთვის ბავშვობის ჯადოსნობა შეენარჩუნებინა.
გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბუნებისმეტყველების მასწავლებელს და ჩვენი ოჯახის უმნიშვნელოვანეს წევრს, მარიამ ჩოგოვაძეს, თანადგომის, ერთგულებისა და დაუღალავი შრომისათვის.
ასევე, გვინდა მადლიერება გამოვთქვათ მშობლებისადმი, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა არათუ სპექტაკლის ჯადოქრობად გადაქცევისათვის, არამედ ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოჩენილი გულისხმიერებისა და პასუხისმგებლობისათვის, რის გარეშეც რთული იქნებოდა სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას! დაე, მათი სასკოლო ჩანთები ყოველთვის სავსე იყოს ფერადი ოცნებებით, სიხარულითა და ჯადოსნური აღმოჩენებით მეხუთე კლასის ახალ სამყაროში.

ქართულად