ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში პროექტის „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც ჩვენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ გამარჯვება მოიპოვა და „ქუთაისის საუკეთესო მოსწავლეთა თვითმმართველობის“ ტიტული მიენიჭა! ღონისძიებას ქალაქის მერი, ახალგაზრდობის სააგენტოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

🤝აღნიშნული პროექტი ქუთაისის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის მერიის თანადგომით განახორციელა. მასში 45-მდე საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული, ხოლო ჯამში განხორციელებულმა 80-მდე მოხალისეობრივმა ინიციატივამ ქალაქის მასშტაბით 2 700-ზე მეტი ახალგაზრდა მოიცვა.

💡პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები ლიდერობასა და გუნდის მშენებლობაში, იდეალური თვითმმართველობის მოდელის შექმნასა და პროექტების მართვაში. მეორე, პრაქტიკულ ეტაპზე კი ჩვენი სკოლის გუნდმა მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები განახორციელა: ჩავატარეთ 3-დღიანი ტრენინგების ციკლი, „სითი გეიმი“ (City Game), პანელური დისკუსია 2025-2026 წლების საუკეთესო მოხალისეებთან და საქველმოქმედო კინოჩვენება.

🧠ამ ინტერაქტიული აქტივობებით მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიუმჯობესეს ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და საჯარო გამოსვლის უნარები, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობაც გამოიჩინეს. საქველმოქმედო კინოჩვენებაზე შეგროვებული სრული თანხით, მათ ქუთაისის დღის ცენტრის 20-მდე ბენეფიციარს საყვარელი ნივთები, სახატავი და საძერწი მასალები, სხვადასხვა საკანცელარიო ინვენტარი და ტკბილეული გადასცეს.

🌟აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩვენს სკოლას წარმატებით წარმოადგენდნენ მოსწავლეები: ელენე გლოველი, ანანო გიორგაძე, ქეთევან ბენიძე, ანა წიქარიშვილი და ანი გერლიანი.

👏ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს გუნდს და პროექტში გამარჯვებულ სხვა სკოლებს! განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილეს, მენტორსა და მხარდამჭერს. სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის თვითმმართველობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს ახალგაზრდების ინოვაციური ინიციატივების წახალისებასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთებას.


2026 წლის 21–25 სექტემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრის ორგანიზებით (კათედრის გამგე: ს. ორმოცაძე), ენების ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

კვირეულის მთავარი მიზანი უცხოური ენების შესწავლის წახალისება, მოსწავლეებში სხვადასხვა კულტურისადმი ინტერესის გაღვივება და ევროპის ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია იყო. ენების ევროპული დღე ყოველწლიურად აღინიშნება ევროპის მასშტაბით, წელს კი საქართველოში ღონისძიებასთან დაკავშირებულ აქტივობებს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უწევდა კოორდინაციას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს უცხოური ენების მასწავლებლებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე — „როგორ ჩავატარო ენების ევროპული დღე ჩემს სკოლაში“, სადაც მონაწილეებს საჭირო მასალები და სტრატეგიები გააცნეს. ამასთან, ჩატარდა ვებინარი აქტუალურ პედაგოგიურ საკითხზე: „როგორ გავუჩინოთ მოსწავლეს ინტერესი და სწავლის სურვილი“.

სასკოლო პროექტებში აქტიურად ჩაერთნენ უცხოური ენების კათედრის პედაგოგები. კერძოდ, ფრანგული ენის მასწავლებლები: ნესტან ხვედელიძე და ქეთევან ხვედელიძე; ინგლისური ენის მასწავლებლები: სალომე ორმოცაძე, ნათია ლომიძე, ნესტან კუპრაშვილი, ვიოლეტა ბებურიშვილი, რიტა რატიანი, სოფიო რობაქიძე და თამარ ბოდოკია; ასევე, რუსული ენის მასწავლებლები: შაზინა ქაშიბაძე, ნათია მოსეშვილი და მირანდა მახარაძე. მათ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული თუ შემოქმედებითი აქტივობა განახორციელეს.

პოსტერების შექმნის კონკურსი: V-XI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო და ორიგინალური პოსტერები თემაზე „ენები გვაერთიანებს“, რითაც კულტურათაშორისი ურთიერთგაგების მნიშვნელობა გამოხატეს. X „დ“ კლასის მოსწავლემ, ნია სამნიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პოსტერების რესპუბლიკურ კონკურსში. სასკოლო გამოფენაზე ხელოვნების მასწავლებელმა, მ. ცერცვაძემ, შეარჩია რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი, რომლებიც საერთაშორისო კონკურსზე გაიგზავნება.

მაისურის დიზაინის შექმნა: ინგლისური ენის მასწავლებლის, ნ. კუპრაშვილის ხელმძღვანელობით, VII „ბ“, IX „ა“, X „ბ“, XI „ე“ და XI „ვ“ კლასების მოსწავლეებმა შექმნეს თემატური მაისურების დიზაინი, რომლებიც სკოლის ფოიეში გამოიფინა.

„20 რამ, რაც შესაძლოა არ იცოდეთ ენების სამყაროს შესახებ“: ფრანგული ენის მასწავლებლების ორგანიზებით მოეწყო პოსტერების თემატური გამოფენა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ენების შესახებ ნაკლებად ცნობილ, საინტერესო ფაქტებს გაეცნენ.

ენების შესწავლის სამოტივაციო მანიფესტი: ინგლისური ენის მასწავლებლებმა, ნათია ლომიძემ და ვიოლეტა ბებურიშვილმა, IX „ბ“ და VII „ე“ კლასების მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს უცხოური ენების სწავლის მნიშვნელობაზე და შექმნეს სამოტივაციო მანიფესტები, რომლებიც საკლასო ოთახებში განთავსდა. გარდა ამისა, ვ. ბებურიშვილმა VII „ა“ კლასის მოსწავლეებთან ერთად მოამზადა ვიდეორგოლი „გამარჯობა“ სხვადასხვა ევროპულ ენაზე.

„ლარას ენობრივი მოგზაურობა ევროპაში“: ფრანგული (ქ. ხვედელიძე, ნ. ხვედელიძე) და ინგლისური ენების (ნ. ლომიძე) პედაგოგების ჩართულობით, VIII, IX და X კლასების მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ევროპის ენობრივი თუ კულტურული მრავალფეროვნება და იმოგზაურეს ენების სამყაროში, რაც თავიანთ ორიგინალურ პოსტერებსა და სლაიდებში ასახეს.

შეჯიბრი ენის გასატეხებში და „გამოიცანი ენა“: ინგლისური ენის მასწავლებელმა, ს. ორმოცაძემ, IX „გ“ და XI „ა“ კლასებში ჩაატარა სახალისო აქტივობები. მოსწავლეები ერთმანეთს ენის გასატეხების სწრაფად წარმოთქმაში შეეჯიბრნენ და აუდიოჩანაწერების მიხედვით მათთვის ნაცნობი თუ უცხო ევროპული ენები ამოიცნეს.

ენობრივი უნარების თვითშეფასება: მოსწავლეებმა სპეციალური ტესტების საშუალებით საკუთარი ენობრივი უნარები შეამოწმეს ინგლისურ ენაში. ამასთან, VIII „ბ“ კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძემ (მასწ. ნ. ხვედელიძე) ფრანგული ენის აღმოჩენის ონლაინ სახელოსნოში მიიღო მონაწილეობა, ხოლო IX „გ“ კლასის მოსწავლე მარიამ გაბრიაძე (მასწ. ქ. ხვედელიძე) დაესწრო საგანმანათლებლო ონლაინ გამოფენას — „სწავლა საფრანგეთში“. სკოლის დირექციისა და პედაგოგებისთვის კი ჩატარდა საინტერესო ინტერვიუები ევროპულ ენებზე შექმნილი ცნობილი ციტატების ქართული თარგმანების შესახებ.

25 სექტემბერს გაიმართა კვირეულის დასკვნითი ღონისძიება — პროექტი „ენების ევროპული დღეები ჩემს სკოლაში“. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები 10 ჯგუფად გადანაწილდნენ (თითოეულში 8 მონაწილე) და ჩაერთნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: ვიქტორინა „ევროპა“, „მოუსმინე და გამოიცანი ენა“, გეოგრაფიული თამაში „სად ვარ?“ და სახალისო ამოცანა „უცხო ენაზე მოლაპარაკე ცნობილები“.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა მუსიკალური ვიქტორინა და ცეკვის კარაოკე. მასწავლებლების (თ. გამეზარდაშვილი, ბ. ზივზივაძე) და მოსწავლეების (XI „ა“ კლასის მოსწავლეები: თ. მშვიდობაძე, ა. აფრიდონიძე; VI „ა“ კლასის მოსწავლე ს. ჭელიშვილი) შესრულებით გაჟღერდა უცხოენოვანი კომპოზიციები, რამაც დღესასწაულს კიდევ უფრო საზეიმო განწყობა შესძინა. აქტივობების დასრულების შემდეგ, ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

ენების ევროპული დღეები კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მოსწავლეებს უცხოური ენები არა მხოლოდ სასწავლო საგნად, არამედ სამყაროს უკეთ შეცნობისა და კულტურათა დაახლოების საშუალებად აღექვათ.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა, კათედრის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მონაწილეებმა კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერეს ჩვენი სკოლის ისტორიაში!

#EDLGeorgia2026 #EDLangs #ენებიგვაერთიანებს #ენებისევროპულიდღე #მრავალენოვნება #ჩვენისკოლა #institutfrancaisdeGéorgie


მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ქალაქის 10 რჩეულ პედაგოგს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

📜საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ, ღვაწლმოსილი პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

🏆განსაკუთრებული სიამაყით გაცნობებთ, რომ ჯილდოს მფლობელი ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, ინგა კახიძე გახდა!

✨მთელი გულით ვულოცავთ ინგა კახიძეს ამ დამსახურებულ ჯილდოს, ვამაყობთ მისი პროფესიონალიზმით და ვუსურვებთ წარმატებას მომავალი თაობების აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში!