ს.ს.ი.პ ქ. ქუთაისის N30 საჯარო სკოლის, X³ კლასის მოსწავლემ, მარიამ ბენიძემ 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე, ფრანგულ ენაში მიიღო მონაწილეობა, წარმატებით გაიარა პირველი და მეორე ტური და გადავიდა მესამე ეტაპზე. ამავე სკოლის მე-11¹ კლასის მოსწავლემ- ნინო ნოსელიძემ და მე-7² კლასის მოსწავლემ- საბა შარვაშიძემ მიიღეს მონაწილეობა ევროპული განათლების პროგრამა “ნაუტილუსში”, გაიმარჯვეს პირველ და მეორე ტურებში და წარმატებით გადავიდნენ მესამე ტურში. III¹ კლასის მოსწავლე, ირაკლი ნოზაძე და მისი ოჯახი აქტიურად მონაწილეობდა IZRUNE.GE-ს პროექტში – “ჩვენი საქართველო”, სადაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა.

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო, რასაც ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა ტრადიციული ზარ-ზეიმით შეხვდა. მოსწავლეთა, მშობელთა და  მასწავლებელთა პოზიტიური განწყობის ასამაღლებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. უპირველესად, აღსანიშნავია მოწვეული ანიმატორების მიერ შესრულებული ის სახალისო აქტივობები, რომელთა საშუალებით პირველკლასელმა ბავშვებმა ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და სწავლის დაწყების პირველივე დღე დაუვიწყარ წუთებად გადაიქციეს.

  მეტად საყურადღებო ფაქტია, რომ ამავე დღეს სტუმრად რესურსცენტრის დირექტორი ბრძანდებოდა, რომელმაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სკოლასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის მზაობა გამოაცხადა.

  15 სექტემბრის დღის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ისიც იყო, რომ სკოლას  სტუმრები დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ეწვივნენ, რომელიც ეძღვნება სკოლის ცხოვრებას, კერძოდ, რეჟისორის მხედველობის არეში მოქცეულია სწავლის დაწყების პირველივე დღეს მოსწავლეთა თუ მასწავლებელთა სასწავლო მზაობის, ინტერესების, სურვილების, ინოვაციური იდეების დაფიქსირება და იმ გარემოს ჩვენება, სადაც ბავშვები განათლებას ეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სკოლის იმ კუთხის ჩვენება, რომლის ინტერიერს თავად მასწავლებლები სეზონურად ცვლიან ხოლმე. ამჯერად მოსწავლეებს შემოდგომის ზღაპრული სივრცე დახვდათ, რაც უდიდეს როლს ასრულებს მათი მხრიდან სასწავლო გარემოსადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.