2024 წლის 24 იანვარს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ქუთაისის სსიპ #30 საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა რევაზ გაბრიაძის “ჩვენი პატარა ქალაქი” (თორთონ უაილდერის პიესის გადმოქართულებული ვერსია) წარმოადგინა, პიესის რეჟისორი ზეკო ხაჩიძე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი პირველად 1983 წელს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, თავად მიხეილ თუმანიშვილის რეჟისურით დაიდგა და დღემდე გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართული თეატრის ისტორიის “ოქროს ფონდში”. 🎭🔖სპექტაკლმა, რომელშიც #30 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ, საერთაშორისო სასკოლო ფესტივალზე “ოვაცია” რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა და სახელობითი პრიზებიც მიიღო. 🎭🔖“ჩვენი პატარა ქალაქი” საინტერესო ადამიანების მგრძნობიარე ისტორიებია და გაბრიაძისეული, განუმეორებელი სევდიანი იუმორით გვიყვება ქუთაისის სიყვარულზე, მარადიულ ფასეულობებზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, ყოველდღიურობასა და უკვდავ ხსოვნაზე. 🎭🔖#30 საჯარო სკოლის თეატრალური დასის სპექტაკლს ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო პერსონალი, ბენეფიციარები და პაციენტები ესწრებოდნენ, რაც შემოქმედებითი ინტეგრაციის ერთ-ერთი უნივერსალური მაგალითია.


2024 წლის 24 დეკემბერი ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ჩაიწერება, კერძოდ, ამავე სკოლის საპატიო პედაგოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი მასწავლებლის – ანიკო(მადონა) ბოჭორიშვილის სახელობის საკლასო ოთახის/მუზეუმის გახსნას ქუთაისის საპატიო სტუმრები – საკრებულოსა და განათლების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ უნიკალური აღჭურვილობის, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კაბინეტი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის – გოჩა ბაკურაძის ინიციატივითა და დაფინანსებით, მშობლიური სკოლისა და დედის (ანიკო ბოჭორიშვილი) ხსოვნის საპატივცემულოდ მოეწყო. ქალბატონი ანიკოს ხსოვნას პატივი მიაგეს სტუმრებმა და სკოლის პედაგოგებმა.


  მომავლის ჰორიზონტი

30-ე საჯარო სკოლაში გაიმართა სამეცნიერო ჟურნალ „მომავლის ჰორიზონტის“ მესამე ნომრის პრეზენტაცია. ჯურნალი მათემატიკის და ფიზიკის კლუბის ხელმძღვანელებმა ნინო ხოხიაშვილმა და საბა აბესაძემ წარუდგინა სასკოლო საზოგადოებას. მათ ისაუბრეს ამ ჟურნალის მნიშვნელობაზე, ასევე გამოთქვეს კმაყოფილებაიმაზე, რომ კლუბის წევრების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა და კიდევ ბევრია მსურველი ჩაერთოს ამ საქმიანობაში.

ჟურნალის მნიშვნელობაზე და ფიზიკა-მათემატიკის კლუბის ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრა 30-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა, ქალბატონმა ქეთევან ცირეკიძემ. მან მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ასევე მშობლებს მადლობა გადაუხადა ამ ჯურნალის შექმნისთვის და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ ბავშვები და მასწავლებლები ამ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებსაც.