2025 წლის 27 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა  II სასკოლო კონფერენცია, თემაზე: „შემაჯამებელი დავალების როლი შეფასების ახალ სისტემაში.“
ამჯერად წარმოდგენილი იყო  მოხსენებები, რომლებიც შეეხებოდა მოსწავლეთა შეფასების სისტემის გაანალიზებას, 2024-2025 სასწავლო წელს განხორციელებულ ნაბიჯებსა და ცვლილებებს. 
ჩვენი სკოლა  2023-2024 სასწავლო წელს გადავიდა შეფასების II მოდელზე,  რომელიც  შემაჯამებელ დავალებას სემესტრული ნიშნის გამოთვლის მთავარ კომპონენტად  ხდის და რუბრიკაში აერთიანებს საკლასო ჩართულობას, აქტიურობას და საშინაო დავალებას.    

ჩვენი სკოლა ამ პერიოდში აქტიურად აგროვებდა  გამოცდილებას. კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებმა წარმოადგინეს   საკუთარ პრაქტიკა  შეფასების სისტემის გაუმჯობესებასთან და მასში შემაჯამებელი დავალებების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

 ჩვენი მიზანია, შეფასება გახდეს უფრო სამართლიანი, ობიექტური და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული. ამიტომაც,  კონფერენციაზე განვიხილეთ წინა წლის შეფასების სისტემის გამოწვევები,  მიმდინარე წელს დაგეგმილი სამოქმედო ნაბიჯები, მიღწეულ პროგრესი და გამოვიტანეთ  ის დასკვნები,  რომლებიც განსაზღვრავს მომავალი წლის შეფასების პოლიტიკას.

გარდა ამისა,  კონფერენციაზე განხილული იყო თემები :

  • შეფასების რუბრიკის მნიშვნელობა შემაჯამებელი დავალებისთვის – ნინო ხოხიაშვილი (მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი)
  •  IRT ტიპის ტესტები თანამედროვე შეფასების მეთოდი – ინგა კახიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი)
  • მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება შემაჯამებელ დავალებაში – ირინა ჩიხლაძე (ფიზიკის უფროსი მასწავლებელი)
  • ზეპირმეტყველება , ანუ “Speaking”, როგორც ეფექტური შემაჯამებელი ინსტრუმენტი -სალომე ორმოცაძე

(ინგლისური ენის წამყვანი  მასწავლებელი)

  • შემაჯამებელი, როგორც შეფასების მთავარი კომპონენტი და მისი გამოწვევები V კლასში  ბელა გიორხელიძე (ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი) და თამარ ასათიანი ( ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი)
  • შემაჯამებელი სამუშაოების თავისებურებები და გამოწვევები მუსიკის საგნის სწავლებისას  მარიამ ჭეიშვილი( მუსიკის უფროსი მასწავლებელი)
  • შემაჯამებელი დავალების როლი შეფასების ახალ სისტემაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით – თამუნა კვარაკვახიძე (ისტორიის და სამოქალაქოს უფროსი მასწავლებელი)
  • მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების როლი გეოგრაფიის სწავლებისას – ნანა ტოფაძე ( გეოგრაფიის უფროსი  მასწავლებელი) და ნესტან ლომთაძე  (გეოგრაფიის წამყვანი   მასწავლებელი)

კონფერენცია ორ სესიად ჩატარდა. პირველ სესიაში 5  მომხსენებელი წარდგა, მეორეში კი- 4. მოხსენებისთვის  განსაზღვრული იყო 15 წთ. და 5 წუთი კითხვა – პასუხისთვის. 

კონფერენციაზე სკოლის გუნდთან ერთად მუშაობდა  ხარისხის ექსპერტი, თამთა კობახიძე, რომელიც  მთელი  წლის განმავლობაში სკოლაში  მუშაობდა   პროცესის კვლევის, მონიტორინგის, მხარდაჭერისა და შეფასების კუთხით. მსგავსი დღეები ზოგადად სკოლისთვის სასწავლო წლის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს, ამით ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ, შევაფასოთ, გავაანალიზოთ რამდენად სწორი გზით მივდივართ და რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ სამომავლოდ. 

კონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა, ყველა თემას მოჰყვა დისკუსია, აზრების გაცვლა, სამომავლო გეგმებზე და ცვლილებებზე საუბარი. აქვე დაიგეგმა III სასკოლო კონფერენცია, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლებში გაიმართება.