ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ავტოქარხნის დასახლებაში, მუსხელიშვილის ქ. მე-4 შეს. N1. შენობის ფართობია – 3225,12მ2, ეზოს ფართობი – 18220,84მ2.
ქუთაისში ავტოქარხნის დაარსების შემდეგ მისი მიმდებარე ტერიტორია მზარდი უბანი გახდა. ამ დასახლებას, ძირითადად, სხვადასხვა რეგიონიდან ქარხანაში სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები ქმნიდნენ. უბანში მხოლოდ ერთი რუსული (მე-14) საშუალო სკოლა იყო.
უბანს ახალი სასწავლო დაწესებულება ესაჭიროებოდა და 1954 წელს სკოლაში პირველი ქართული ჯგუფი გახსნეს. 1962 წელს კი, მე-14 სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლა. თავდაპირველად შენობა მხოლოდ ერთი კორპუსისაგან შედგებოდა. სკოლის პირველი დირექტორი გახლდათ ალექსანდრე (საშა) გაჩეჩილაძე.
მალე დირექტორად დაინიშნა იულონ ხურციძე. ამ დროს სკოლა ჯერ კიდევ მშენებლობის პერიოდში იყო. ახალი დირექტორის ძალისხმევით მას გვერდითა შენობები მიაშენეს და სკოლა გაფართოვდა (1). მშენებლობა ბატონი იულონის დროს დამთავრდა. სკოლის პედაგოგები სულ ახალგაზრდები იყვნენ და ბატონი იულონი ამბობდა ხოლმე: ,,სკოლა ავაშენე, ახლა მასწავლებელთა შენება უნდა დავიწყოო“. მართლაც დიდი წვლილი მიუძღოდა დირექტორს, რომ პედაგოგები პროფესიონალიზმით, სიყვარულით, ურთიერთ-პატივისცემითა და თანადგომით გამოირჩეოდნენ (2). კეთილმოწყობილ და სათანადო სასწავლო აპარატურით აღჭურვილი ოთახები სწავლებისათვის ყველანაირ პირობას ქმნიდა.
30-ე საშუალო სკოლის დირექტორი იულონ ხურციძე პედაგოგებთან ერთად.
1970 წლის 4 მარტს სკოლის ეზოში გაიხსნა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი.
სკოლა დაარსების დღიდან იწოდებოდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლად. 1995 წლის მარტიდან კი – ქუთაისის 30-ე სკოლად. 2004 წლის სექტემბრიდან ეწოდება ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლა, 2005 წლის ნოემბრიდან ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა, ხოლო 2011 წლის იანვრიდან – სსიპ-ქ. ქუთაისის #30 საჯარო სკოლა.
სკოლა იყო საშუალო. მხოლოდ 1994-95 სასწავლო წლიდან 2002-2003 სასწავლო წლამდე სწავლება იყო 9-წლიანი.
1973 წლის პირველი სექტემბერი სკოლის ცხოვრებაში ტრაგიკული დღეა. სწორედ პირველ სექტემბერს სკოლაშივე გარდაიცვალა დირექტორი იულონ ხურციძე.
ამის შემდგომ სკოლას ხელმძღვანელობს ენერგიული, პოეტური სულით დაჯილდოვებული ქალბატონი ლამარა ლევიძე. ლამარა ლევიძის შემდეგ სკოლის დირექტორები იყვნენ ავთანდილ ლომსიანიძე და თეიმურაზ ციბაძე.
2006 წლიდან დღემდე სკოლას სათავეში უდგას ენერგიული და ნიჭიერი პიროვნება მიხეილ გიორგაძე