„ოთხი წელი დიდ ზღაპარში“ — დასრულდა კიდევ ერთი ჯადოსნური ეტაპი ჩვენი პატარების ცხოვრებაში!
IV-4 კლასის გამოსაშვებმა ღონისძიებამ მართლაც წარუშლელი კვალი და შთამბეჭდავი ემოცია დატოვა როგორც უშუალო მონაწილეებზე, ისე თითოეულ მსმენელსა და სტუმარზე.
ამ დღეს ჩვენ ერთად დავემშვიდობეთ სკოლის პირველ, ყველაზე ფერად და უდარდელ წლებს. დაწყებითი საფეხური უკან მოვიტოვეთ, თუმცა ახლა უკვე გაბედულ ნაბიჯებს ვდგამთ ახალი, საარაკო მომავლისკენ და უფრო დიდი თავგადასავლებისკენ!
ამ ოთხწლიანი ზღაპრული მოგზაურობის მთავარი მეგზური და შემოქმედი კლასის საყვარელი დამრიგებელი, სოფო ხუროძე გახლდათ. მან თითოეული მოსწავლის გულში ცოდნასთან ერთად უსაზღვრო სითბო, მზრუნველობა და სიყვარული გააღვივა.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი დიდ ცხოვრებაში, ჩვენო საამაყო მოსწავლეებო! წინ უამრავი წარმატება და ახალი მწვერვალები გელით!
დაწყებითი საფეხურის დასრულება ყოველი მოსწავლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენს სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა IV-2 კლასის გამოსაშვები ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი, სოფიო ჯაფარიძე.
ოთხწლიანი დაუღალავი შრომა, მიღწეული წარმატებები და მეგობრული მოგონებები ბავშვებმა სცენაზე საოცრად გააცოცხლეს. სადღესასწაულო საღამო სავსე იყო მუსიკალური ნომრებით, ლექსებითა და გულწრფელი, თბილი გამოსვლებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები. მათ დიდი სიყვარულით მიულოცეს ბავშვებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და მომავალ, კიდევ უფრო საინტერესო საფეხურზე გადასვლა.
ეს დღე ნამდვილად არის კიდევ ერთი დაუვიწყარი ფურცელი კლასის ისტორიაში, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ზედა კლასებში გადასვლისას დიდ მოტივაციას მისცემს. ვულოცავთ თითოეულ მათგანს და წინსვლას ვუსურვებთ ახალ სასწავლო გზაზე!
ჩვენი სკოლის უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელის, სალომე ორმოცაძის ორგანიზებით, ტრადიციულად, ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება- ინგლისურენოვანი კონფერენცია, რომელიც თანამედროვე მოსწავლეების ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საჭირო უნარებს მიეძღვნა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სტრესისა და შფოთვის გავლენა სწავლის პროცესზე, მოტივაციის შენარჩუნება და ყურადღების კონცენტრირების გზები. ასევე, აქცენტი გაკეთდა პოზიტიური აზროვნების როლზე, შიშისა და თვითეჭვის დაძლევაზე, თვითდაჯერებულობის განვითარებასა და ემოციებზე ღიად საუბრის აუცილებლობაზე.
თანამედროვე მოზარდებისთვის მსგავსი კონფერენციებისა და აქტივობების ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტექნოლოგიებისა და სწრაფი ცვლილებების ეპოქაში, მოსწავლეები ხშირად აწყდებიან ემოციურ გამოწვევებს. ამგვარი პროექტები ეხმარება მათ თვითშემეცნების, ემოციური კეთილდღეობისა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაში. ბავშვები იღებენ იმ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მათ არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ბარიერების გადალახვაში დაეხმარება.
კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ ჩვენი მოსწავლეები:
თომა ჭოლოკავა (X-1 კლასი);
გიორგი ზოსიაშვილი (X-1 კლასი);
ნიკოლოზ ხუციშვილი (X-1 კლასი);
ანი აფრიდონიძე (X-1 კლასი);
მარიამ გიორგაძე (X-2 კლასი);
ნია გოცაძე (VIII-3 კლასი);
მარიამ გაბრიაძე (VIII-3 კლასი).
ღონისძიებას დიდი ინტერესით ესწრებოდნენ მე-10 კლასის მოსწავლეები, უცხოური ენების კათედრის წევრები და სკოლის დირექცია.

ქართულად