2025-2026 სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში მშობელთა ჩართულობის წელი იყო! ჩვენი ფეისბუქ გვერდის ხშირ სტუმრებსა და გულშემატკივრებს არ გამორჩებოდათ მხედველობიდან, რომ მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელებულ მცირე თუ მასშტაბურ ღონისძიებათაგან უმრავლესობა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
სწორედ ამიტომ 24 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ჩატარდა რიგით მესამე სასკოლო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა გახლდათ: „როგორ ვაქციოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრების მამოძრავებელ ძალად“.
კონფერენციის პირველ სესიაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები და მომხსენებლები:
კონფერენციის გახსნა და ზოგადი ხედვა – ბატონი მიხეილ გიორგაძე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი (მიხეილ გიორგაძე);
ეფექტური კომუნიკაცია მშობლებთან, გამოწვევები და სტრატეგიები – ქეთი ხვედელიძე, ფრანგული ენის მასწავლებელი;
სამი მხარე და ერთი მიზანი – ნათია ლეთოდიანი (მათემატიკის მასწავლებელი) და თეონა დარჯანია (დაწყებითი კლასების მასწავლებელი) (Natia Letodiani) (Teona Darjania);
მშობელთა ჩართულობის რეალური ნაბიჯები სკოლაში – ქეთი ცირეკიძე, დირექტორის მოადგილე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი (ქეთი ცირეკიძე);
მომავალი პროფესიის პრაქტიკული გამოცდილება მშობლის სამუშაო სივრცეში – რიტა რატიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი (Rita Ratiani);
მოსწავლე-მშობელი-სკოლა – „რა შეცვალა მშობლის სკოლაში მოსვლამ და ჩათულობამ თქვენს ურთიერთობაში?“ – მიხეილ გიორგაძე, მაკა აბულაძე, შორენა ჩაფიძე (მშობლები); მარიამ კირვალიძე, ნინო ჟღენტი (მოსწავლეები) (Maka Abuladze), (Shorena Chapidze).
მეორე სესიაზე დამსწრე საზოგადოებამ შემდეგი საინტერესო მოხსენებები მოისმინა:
მშობელი, როგორც კარიერული განვითარების მხარდამჭერი – სოფო კლდიაშვილი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი (Sopiko Kldiashvili);
მშობლის როლი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში – სალომე ორმოცაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი (სალომე ორმოცაძე);
მშობლის როლი მოზარდის ასაკობრივ განვითარებაში – ნინო ბოჭორიშვილი, ქიმიის მასწავლებელი (ნინო ბოჭორიშვილი);
ემიგრანტი მშობლის როლი შვილის სასკოლო ცხოვრებაში – ფარსმან ფორჩხიძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი (Parsman Porchkhidze);
სსსმ მოსწავლის მშობელთან თანამშრომლობა, როგორც პროგრესის გასაღები – ასმათ ბედინაშვილი (დაწყებითი კლასების მასწავლებელი), რუსო კაპანაძე (სპეციალური მასწავლებელი) და ლელა ფიფაიშვილი (მშობელი) (ასმათი ბედინაშვილი), (Ruso Kapanadze).
კონფერენციის დასკვნით ნაწილში კი წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი კვლევა:
მშობელთა გამოკითხვის ანალიზი – ინგა კახიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (ნანა კახიძე).
ჩვენს კონფერენციას საპატიო სტუმართა სტატუსით ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი- ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, XII სკოლის დირექტორი- ქალბატონი ნათია სულავა, XIV სკოლის დირექტორი- ქალბატონი ნონა ჩუბინიძე და საჯარო გამოსვლებისა და დებატების სკოლის ტრენერი- ქალბატონი ნათია ნამიჭეიშვილი. მათი მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ჩვენს საერთო მიზნებს.
ამგვარი შეხვედრები და კონფერენციები უდიდეს როლს ასრულებს სასკოლო საზოგადოების გაძლიერებასა და ერთიანი, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაში, საუკეთესო პლატფორმაა ღია დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, სადაც მასწავლებლები, მშობლები და ადმინისტრაცია საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან.
როდესაც მშობელი აქტიურად ერთვება სასკოლო ცხოვრებაში, სასწავლო პროცესი უფრო გამჭვირვალე, ნდობით აღავსე და ეფექტური ხდება. ეს კი პირდაპირ აისახება თითოეული მოსწავლის მოტივაციაზე, აკადემიურ მიღწევებსა და პიროვნულ განვითარებაზე!
პატარა ნაბიჯები დიდ გზაზე- მეოთხეკლასელთა ემოციური და საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება. დაუვიწყარი, სიყვარულითა და სიამაყით სავსე დღე ჩვენს სკოლაში!
მე-4¹ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი დაწყებითი კლასის პედაგოგი, თეონა დარჯანია გახლდათ, დაწყებითი საფეხური შეაჯამეს და ახალ სასწავლო საფეხურს მყარი, თავდაჯერებული ნაბიჯებით შეეგებნენ. ეს ოთხი წელი მხოლოდ ცოდნის დაგროვების დრო არ ყოფილა — ეს იყო ერთად ზრდის, მეგობრობის, პირველი აღმოჩენებისა და უამრავი ტკბილი მოგონების შექმნის პერიოდი.
ჩვენმა საყვარელმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რამდენი ნიჭი, შემოქმედებითი უნარი და სიკეთეა თითოეულ მათგანში. ღონისძიებამ, რომელიც სავსე იყო ემოციური გამოსვლებით, კიდევ ერთხელ გააერთიანა სკოლის დიდი ოჯახი: მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.
დიდი მადლობა თითოეულ მშობელს გვერდში დგომისა და ნდობისთვის. ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს კი ვუსურვებთ, რომ ეს „პატარა ნაბიჯები დიდ გზაზე“ ყოფილიყოს მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი წარმატებებისა, რომელიც მათ წინ ელით!
- გთავაზობთ ამ დაუვიწყარი დღის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას.
თეატრალური ჯადოსნობა სცენაზე: მატარებელი №5 და 29 პატარა არტისტი!
კლასის დამრიგებლისა და რეჟისორის, თამარ გურაბანიძის ხელმძღვანელობით, გურამ პეტრიაშვილის ზღაპრების მიხედვით დადგმული გამოსამშვიდობებელი სპექტაკლი „მატარებელი №5“ არ ყოფილა უბრალო სასკოლო ღონისძიება — ეს იყო ნამდვილი, სრულფასოვანი თეატრალური პერფორმანსი, რომელმაც მაყურებელი პირველივე წუთიდან სადგურის მისტიკურ და მყუდრო ატმოსფეროში გადაიყვანა.
სპექტაკლის სიუჟეტი უცნაური პატარა ქალაქის მგზავრების გარშემო ვითარდებოდა, რომლებიც ჩემოდნებით ხელში მატარებლის მოლოდინში საკუთარ თავს, ოცნებებსა და იმედებს ეძებდნენ. თუმცა, ამ დღის მთავარი აღმოჩენა და მშვენება თავად ბავშვები — ჩვენი 29 მოსწავლე გახდა.
ნამდვილი არტისტები და სცენური თავდაჯერებულობა — ყველაზე შთამბეჭდავი იმის დანახვა იყო, თუ როგორ არტისტულად, სიღრმისეულად და ბუნებრივად წარმოაჩინა თითოეულმა ბავშვმა თავისი პერსონაჟი. სცენაზე არ ყოფილა დაზეპირებული ტექსტები ან ხელოვნური მოძრაობები. პირიქით, მაყურებელმა იხილა საოცარი გარდასახვა.
ბავშვებმა შეძლეს დაეჭირათ ზღვარი იუმორსა და დრამატულობას შორის. პერსონაჟების — მექუდის, ჯამბაზის, მესაათისა თუ მსახიობის — თითოეული მონოლოგი დარბაზამდე უდიდესი გულწრფელობით მივიდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინალური სცენა, სადაც მატარებლის მექანიკურ რიტმზე ბავშვების სინქრონულმა მოძრაობამ და ჩემოდნების ხმოვანმა აკორდმა სრული ანშლაგი გამოიწვია.
სპექტაკლის კულმინაცია, როდესაც ბავშვებმა მასწავლებელი თავიანთ სამყაროში უსიტყვოდ მიიწვიეს, ხოლო ფინალში, ნაზი სანათების ანთების შემდეგ, სცენა ენერგიული ჰანგებითა და საერთო ერთობის ემოციით აფეთქდა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია შეკრულ გუნდს.
ჩვენმა პატარა არტისტებმა დაამტკიცეს, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს და მათ უკვე შეუძლიათ ნებისმიერ დიდ სცენაზე ისეთივე მყარად იდგნენ, როგორც ამ ჯადოსნურ საღამოს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპექტაკლის მუსიკალური და ვიზუალური მხარე, რაც ჩვენი პედაგოგების უდიდესი შრომის შედეგია. თეა გამეზარდაშვილმა საოცარი სიზუსტით მუსიკალურად გააფორმა თითოეული ეპიზოდი და ბავშვებს რიტმის საოცარი შეგრძნება მისცა, ხოლო სოფო მასწავლებლის მიერ შექმნილმა ულამაზესმა დეკორაციებმა სცენაზე ნამდვილი, ზღაპრული თეატრის ატმოსფერო გააცოცხლა. სწორედ მათი პროფესიონალიზმისა და თანადგომის დამსახურებაა, რომ ჩვენმა პატარა არტისტებმა ასე სრულყოფილად შეძლეს თავიანთი როლების წარმოჩენა.
გთავაზობთ ამ დაუვიწყარი საღამოს ამსახველ ფოტომასალას.

ქართულად