1/1 კლასის დაწყებითი კლასის მასწავლებელი: ლია გოგავა
პირველი კლასი ბავშვებისთვის ახალი სამყაროს კარია — თითოეული დღე სავსეა აღმოჩენებით, ინტერესითა და ემოციებით. ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მშობლის ჩართულობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს: ის აძლიერებს მოტივაციას, ზრდის სწავლისადმი ინტერესს და ბავშვებში ნდობასა და სითბოს ამკვიდრებს.
ამ მიზნით, სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ჩვენს კლასში ხორციელდება გრძელვადიანი პროექტი: „მშობლის ნაბიჯი კლასში — ბავშვის თავდაჯერებული ნაბიჯი ცხოვრებაში.“
პროექტის ფარგლებში არაერთი თბილი და დასამახსოვრებელი დღე შევქმენით ერთად.
მოსწავლის ივლიტა გიორგობიანის დედამ, დალი გურულმა, პატარებს წაუკითხა ზღაპარი „ფუტკარი და ჭიანჭველა“. ფუტკრის ქუდითა და თაფლით შექმნილმა გარემომ ბავშვებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მათ უპასუხეს შეკითხვებს, გამოჭრეს ფუტკრები და ჩხირებზე დაამაგრეს.
ელისაბედ მიქაძის დედამ, ქრისტინე ჭილაიამ, კლასში „გაპრანჭულ ვიკთან“ ერთად შემოიტანა ზღაპრული განწყობა. ბავშვებმა მოისმინეს ხალხური ზღაპარი „ძაღლი“, უპასუხეს კითხვებს, ნახეს ანიმაცია და შექმნეს ილუსტრაციები.
თითოეული ასეთი დღე ბავშვებისთვის არა მხოლოდ სახალისო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა — სწავლა მათთვის ხდება უფრო ახლობელი, საინტერესო და შთამაგონებელი.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სწავლა სიხარულთან და სიყვარულთან არის დაკავშირებული.
წარმატება სამეწარმეო განათლებაში: გაიცანით “კარპედიემი/Carpe-Diem”
თანამედროვე სამყაროში სკოლა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების სივრცე აღარ არის. ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამეწარმეო უნარების განვითარება ის საძირკველია, რომელზეც მომავლის პროფესიონალიზმი და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა შენდება. კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა და იდეების რეალობად ქცევის უნარი სწორედ ის კომპეტენციებია, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები სასკოლო გარემოშივე ეუფლებიან.
სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის X-3 კლასის მოსწავლეების, თეკლა სარალიძის (Tekla Saralidze), ნია ადეიშვილის, ირინე გრძელიძის (Irine Grdzelidze), ქეთო ბენიძე-ისა და ციცი მანაგაძის დიდი წარმატება! მათ მიერ შექმნილი კომპანია “კარპედიემი / Carpe-Diem” საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 30 მინი კომპანიას შორის დასახელდა და მონაწილეობას მიიღებს “სამეწარმეო განათლების ფესტივალი-2026”-ში.
რა არის კარპედიემი? ეს არის გუნდი, რომლის მთავარი მისია ქართული ბრენდებისა და მეწარმეობრივი კულტურის პოპულარიზაციაა. მოსწავლეებმა შექმნეს კრეატიული სამაგიდო თამაშები, რომლებიც მომხმარებელს აცნობს ადგილობრივ წარმოებას, მათ იდეებსა და შემოქმედებას.
ეს თამაშები მხოლოდ გასართობი არ არის. ისინი ავითარებს კოგნიტურ უნარებს, კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ახალგაზრდებისთვის.
ვულოცავთ ჩვენს მეათეკლასელებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას! ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდულ ენერგიასა და სწორ ხედვას დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია.
მდგრადი განვითარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, მისი მიზნების მიღწევა კი- უმნიშვნელოვანესი მისიაა, რომლის განხორციელებაც საზოგადოების ცნობიერების ცვლილების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენი პლანეტის მომავალი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ვაცნობიერებთ თითოეული ჩვენგანი ამ საერთო პასუხისმგებლობას.
ამ მიზნით, ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისთვის, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში უაღრესად საინტერესო და აქტუალური კონფერენცია გაიმართა, რომელიც სწორედ მდგრადი განვითარების საკითხების აქტუალობას მიეძღვნა.
ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეებმა – ანა სტურუამ, ნია ადეიშვილმა და ქეთევან ბენიძემ, ქიმიის პედაგოგის, ნინო ბოჭორიშვილის, ხელმძღვანელობით, შესანიშნავად იმუშავეს და საზოგადოებას მნიშვნელოვანი თემა წარუდგინეს.
მათ მიერ დამუშავებული საკონფერენციო საკითხი მდგრადი განვითარების მე-13 მიზანს – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს ეხებოდა.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებითა და მათი პედაგოგით. მადლობა მათ ამ მნიშვნელოვან საქმეში შეტანილი წვლილისთვის. გაზიარება და მსგავს პროექტებში ჩართულობა გვეხმარება, ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე.

ქართულად